ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ბრიუსელში 19-20 მაისს გაიმართება. როგორც "ბიზნესკონტაქტს" ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა განუცხადა, ევროპულ მხარესთან საკითხების ძირითადი ნაწილი შეთანხმებულია.
"დარჩენილია რამდენიმე კრიტიკული საკითხი, რომელზეც პრინციპულად გვინდა გამონაკლისების დაშვება ევროკავშირის მხრიდან, რომ საქართველოს ჰქონდეს გარკვეული გამონაკლისები არსებული რეალობების და ჩვენი ბაზრის სპეციფიური ხასიათის გათვალისწინებით. ამ საკითხზე სასაუბროდ მივდივართ და ვფიქრობ, წარმატებული რაუნდი გველის და საბოლოო ჯამში დავასრულებთ კიდეც ამ მოლაპარაკებებს", - განაცხადა ვალიშვილმა და დასძინა, რომ ოქტომბერში არის მინისტერიალი, სადაც ენერგოგაერთიანების წევრმა ქვეყნებმა საბოლოოდ უნდა მიიღონ საქართველო ენერგეტიკულ თანამეგობრობაში.
რაც შეეხება გამონაკლისებს, ვალიშვილის განმარტებით, ეს ძირითადად სატრანზიტო საქმიანობას და მეზობელ ქვეყნებთან ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას შეეხება, რომლებიც ენერგოგაერთიანების წევრი ქვეყნები არ არიან.

























