მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკული ბირჟა 1 ივლისიდან ეტაპობრივად გაიხსნება - ლევან დავითაშვილი

ეკონომიკის სამინისტრო

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის თარიღი არ შეიცვლება და ბირჟა 1 ივლისს ნაწილობრივ გაიხსნება - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.

გუშინ, პარლამენტში ელექტროენერგეტიკულ ბირჟაზე საუბრისას მინისტრს არ დაუკონკრეტებია ამოქმედების კონკრეტული ვადა, ამიტომ ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს bm.ge-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, ხომ არ არის მორიგი ცვლილება თარიღში, თუ ბირჟა ფუნქციონირებას 1 ივლისიდან დაიწყებს, როგორც ეს აქამდე იყო დაანონსებული.

"ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები ჩვენს პარტნიორებთან, რომ ეტაპობრივად მოხდეს ბაზრის ლიბერალიზაცია. ამაზე გვქონდა ჩვენ გუშინ (პარლამენტში გამოსვლის დროს) საუბარი. ეს არის ყველაზე რთული რეფორმა, რომელიც ბევრმა ქვეყანამ გაიარა საკმაოდ ფრთხილად და დასჭირდა საკმაოდ გრძელვადიანი პერიოდი. იმისთვის, რომ არ მომხდარიყო ეკონომიკის დაზიანება და ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელოვანი რყევები, რაც საბოლოოდ აისახება ყველა სექტორზე. ჩემთვისაც ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როდესაც ვსაუბრობთ ამოქმედების გადავადებაზე ეს არ იყო ჩვენი ცალმხრივი გადაწყვეტა. იყო სექტორის მოთხოვნები და თხოვნები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საექსპორტო დარგები ჩვენი ეკონომიკისთვის, რომელთა თხოვნები და ლეგიტიმური პოზიციები ჩვენ გავითვალისწინეთ. ამიტომ, ახლა ჩვენ შემოგვაქვს ვაჭრობის ეს რეჟიმი, რომელიც დამუშავებულია სიმულაციურ პირობებში და სიმულაციური რეჟიმიდან გადავდივართ რეალურ რეჟიმში. აქტორები პირველ ეტაპზე სავაჭრო ოპერაციებში იქნებიან ნებაყოფლობითი პრინციპით და ჩვენ გარკვეული დრო დაგვჭირდება რომ სრულად ლიბერალური იყოს ეს ბაზარი", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

დამაზუსტებელ შეკითხვაზე კი, დავითაშვილი პასუხობს, რომ 1 ივლისიდან ბირჟა ეტაპობრივად ამოქმედდება.

გუშინ, "მინისტრის საათის" ფორმატში დავითაშვილმა შემდეგი რამ თქვა - "ამოქმედდება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც უზრუნველყოფს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და ღია ბაზრის პრინციპების დანერგვას. ეტაპობრივად მოხდება მსხვილი მომხმარებლების ბაზარზე გაყვანა, მათი მოხმარების სიდიდისა და ძაბვის მიხედვით".

შეგახსენებთ, საქართველოში ენერგეტიკული ბირჟას სრულფასოვანი ფუნქციონირება ჯერ კიდევ 2021 წლის 1 ივლისს უნდა დაეწყო, თუმცა მისი გახსნა 6-ჯერ გადავადდა. ბაზრის გახსნა ამჯერად 2024 წლის 1 ივლისს არის დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები