მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ენერგეტიკული ტრანზიციის ახალი ეტაპი საქართველოში - “შაინ ენერჯი” ნეტო დარიცხვის სქემაზე

შაინ ენერჯი
02.08.25 13:30
975

ნეტო აღრიცხვის სქემის ნეტო დარიცხვის სქემით ჩანაცვლებასა და ახალი რეგულაციების უპირატესობაზე ნინა გადელია, “შაინ ენერჯის” დამფუძნებელი საუბრობს. როგორც ის აღნიშნავს, ნეტო დარიცხვის ამოწმედება ევროპულ დირექტივებთანაა თანხვედრაში და მთავარი საკითხია, რამდენად სწრაფად შეძლებს ბაზარი მასზე ადაპტირებას.

"ჩვენ ვიცით, რომ ნეტო აღრიცხვის სქემამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის განახლებადი ენერგიის გავრცელებასა და ცნობიერების ამაღლებაში. ამ მოდელმა გააჩინა სტიმული დაეწყოთ ინვესტირება მზის ენერგიაში. შედეგად, ბაზარი გახდა უფრო გამოცდილი, გაიზარდა დაინტერესება ამ ტექნოლოგიით, საბოლოოდ კი, სექტორი გაცილებით სწრაფად განვითარდა, ვიდრე ბევრი ელოდა.

რაც შეეხება ახალ რეგულაციას, ნეტო დარიცხვის სქემა - წარმოადგენს ბაზრის მომდევნო ეტაპს, რომელიც ევროპული დირექტივების შესაბამისად უზრუნველყოფს ერთგვაროვანი და სისტემატური მიდგომის ჩამოყალიბებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილება ამცირებს წახალისების მექანიზმებს თვითონ მომხმარებლისთვის და განსაკუთრებით ზღუდავს ვირტუალური სადგურების განვითარების შესაძლებლობას, იგი შესაძლებელს ხდის ენერგეტიკული ბაზრის ეტაპობრივად გახსნას, სადაც თავისუფალი მიმწოდებლები თამაშში ერთვებიან.

ჩემი აზრით, ახლა მთავარია, რამდენად სწრაფად მოვახერხებთ ადაპტაციას. იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც რეალურად აქვს მაღალი მოხმარება დღის განმავლობაში, თვითმოხმარების (Self Consumption) სისტემები იქნება ისევ ეფექტური გამოსავალი; ან მეორე მხრივ, ახალი შესაძლებლობა ჩნდება იმ კომპანიებისთვის, ვინც თავისუფალ მიმწოდებლებთან პარტნიორობით გრძელვადიან გარიგებებს გააფორმებს. სწორედ ეს გახდება მომდევნო ეტაპზე სექტორის მდგრადი ზრდის საფუძველი", - აღნიშნავს ნინა გადელია.

"შაინ ენერჯის" დამფუძნებელს მიაჩნია, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია მცირე და მსხვილი ელექტროსადგურების განვითარებაც. გადელიას შეფასებით, ამ მიმართულებით უკვე მიმდინარეობს კომუნიკაცია სახელმწიფო უწყებებთანაც.

"ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიკროსიმძლავრის სადგურების განვითარებასთან ერთად, სათანადო ყურადღება დაეთმოს იმ მიმართულებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული მომავლისთვის უფრო კრიტიკულია. მცირე და მსხვილი (utility-scale) სადგურების განვითარება. სემეკის მანდატის მიღმა არსებული ეს მიმართულება მოითხოვს ეფექტიან პოლიტიკას და სტაბილურ პარტნიორობას საჯარო და კერძო სექტორებს შორის.

ამ კუთხით, პოზიტიურად უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკის სამინისტროში, ენერგეტიკაზე პასუხისმგებელი ახალი კურატორი მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა. ჩვენ უკვე ვგეგმავთ აქტიურ კოორდინაციას და თანამშრომლობას სამინისტროსთან ასოციაციების (გრედა, მზის ენერგიის ასოციაცია) ფარგლებში და მთლიანად ენერგეტიკულ სტრუქტურასთან, რაც საშუალებას მოგვცემს ახალი ეტაპის საჭიროებებს შესაბამისი პროდუქტებითა და სერვისებით ვუპასუხოთ.

შეიძლება ითქვას, რომ ენერგეტიკულ სექტორში ახალი ეტაპი იწყება, სადაც მეტი სტრატეგია, თანმიმდევრულობა და გუნდური მუშაობა დაგვჭირდება ყველას", - აღნიშნავს "შაინ ენერჯის" დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები