მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკული უსაფრთხოება ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ტურიზმი და ახალი ავიარეისების გახსნა - კახი კახიშვილი

კახა კახიშვილი

პოლიტიკოსი და "ქართული ოცნების" სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების მასშტაბური შეფერხების შესახებ ვრცელ განცხადებას აქვეყნებს. იგი აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესახებ საზოგადოებას ოპერატიული, კონკრეტული და ამომწურავი პასუხი უნდა გაეცეს.

ამ კონტექსტში პოლიტიკოსი უკრაინის მაგალითს ახსენებს და აღნიშნავს, რომ უკვე ოთხ წელზე მეტია უკრაინის ენერგოსისტემა რუსეთის მხრიდან სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმების პირობებში მუშაობს. შესაბამისად, ამ ფონზე ბუნებრივად ჩნდება კითხვა: „ნუთუ ერთი ავარია ან ერთი მნიშვნელოვანი კვანძის მწყობრიდან გამოსვლა საკმარისია იმისათვის“, რომ საქართველოს დიდი ნაწილი ერთდროულად ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს?

„ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში კახა კახიშვილი წერს:

„ბოლო პერიოდში უკვე მეორედ მოხდა ელექტროენერგიის მიწოდების მასშტაბური შეფერხება. პირველად ელექტროენერგია ქვეყნის დიდ ნაწილს გაეთიშა, დღეს დილით კი გათიშვა კვლავ განმეორდა.

ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ დილის 8 საათზე ელექტროენერგია „მცირე ხნით“ გაითიშა. თუმცა ამ განცხადებიდან უკვე ორ საათზე მეტია გასული და ბევრ აბონენტს ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება.

ორ საათზე მეტი „მცირე დრო“ აღარ არის.

მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ: რა გახდა ასეთი მასშტაბური ავარიის მიზეზი? რატომ განმეორდა გათიშვა? რამდენად გამართული და დაცულია ქვეყნის ელექტროსისტემა? ვინ აგებს პასუხს სისტემის გამართულ მუშაობაზე? და რა გაკეთდება იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს?

ეკონომიკის სამინისტრო მხოლოდ ტურიზმი და ავიაცია არ არის. მის პასუხისმგებლობაში შედის ენერგეტიკა, ელექტროსისტემა და ქვეყნისთვის არაერთი სხვა სტრატეგიული მიმართულება, რომელიც ყოველდღიურ და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

თუ ახალი ავიარეისების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია სწრაფად, დეტალურად და დიდი ენთუზიაზმით მიეწოდება, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესახებაც საზოგადოებას ისეთივე ოპერატიული, კონკრეტული და ამომწურავი პასუხი უნდა გაეცეს.

სახელმწიფო თანამდებობა ნიშნავს პასუხისმგებლობას ყველა იმ სფეროზე, რომელიც სახელმწიფომ ჩაგაბარა.

ენერგეტიკული უსაფრთხოება ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ტურიზმი, ავიაცია და ახალი ავიარეისების გახსნა.

მე ენერგეტიკოსი არ ვარ და არც ვამტკიცებ, რომ ენერგოსისტემის ყველა ტექნიკური დეტალი ვიცი.

მაგრამ, როგორც რიგით მოქალაქეს, რამდენიმე სრულიად ბუნებრივი კითხვა მიჩნდება.

უკვე ოთხ წელზე მეტია უკრაინის ენერგოსისტემა რუსეთის მხრიდან სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმების პირობებში მუშაობს.

ამ ფონზე ბუნებრივად ჩნდება კითხვა: ნუთუ ერთი ავარია ან ერთი მნიშვნელოვანი კვანძის მწყობრიდან გამოსვლა საკმარისია იმისათვის, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი ერთდროულად ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს?

თუ ეს ასე არ არის, მაშინ რა გახდა ამ მასშტაბური გათიშვის რეალური მიზეზი?

ვფიქრობ, ეს კითხვები მხოლოდ ჩემი არ არის. ამ კითხვებზე პასუხს ქვეყნის მოსახლეობა ელოდება“.

დღეს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება მოკლე პერიოდით ავარიულად გაითიშა.

მთელ საქართველოში ელექტროენერგია გაიშითა 24 ივლისსაც, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის ენერგოსისტემაში განვითარებულმა სასისტემო ავარიულმა გათიშვამ ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია. შედეგად, თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში დროებით შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები