მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ენერგო კომპანიებზე მთავრობამ განკარგულება გამოსცა - ვის (არ) ჩამოეწერება ჯარიმა?| პირობები

ნამოხვანჰესი

მთავრობამ ენერგეტიკული კომპანიებისთვის ჯარიმის ჩამოწერაზე განკარგულება გამოაქვეყნა. დოკუმენტში წერია, რომ ჯარიმის ჩამოწერა „ნენსკრა ჰესისა" და თბოელექტროსადგურების მშენებლობაზე დადებულ ხელშეკრულებებს არ შეეხებათ.

მთავრობამ ეკონომიკის სამინისტროს დაავალა მოიძიოს ინფორმაცია ყველა იმ კომპანიაზე, რომელსაც ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ან მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის ჯარიმა აქვთ დაკისრებული.

მთავრობა კომპანიებს ე.წ. „გამოსასწორებელ ვადას“ სთავაზობს. ინვესტორებს, რომელთაც ჯარიმა დაეკისრებათ, აქვთ შესაძლებლობა 2026 წლის 16 მარტამდე:

  • წარადგინონ განახლებული საბანკო გარანტია;
  • მოითხოვონ ჯარიმის პატიება ვალდებულების შესრულების პირობით. ამ შემთხვევაში, სამინისტრო მთავრობას წარუდგენს წინადადებას ჯარიმის ჩამოწერისა და პროექტის დასასრულებლად ახალი გონივრული ვადის დაწესების შესახებ.

განკარგულებაში წერია, რომ თუ კომპანია არც გარანტიას განაახლებს და არც ხელშეკრულებას შეწყვეტს, სამინისტრო მემორანდუმს ცალმხრივად გაწყვეტს და ჯარიმების ამოღებას დაიწყებს.

"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიენიჭოს უფლებამოსილება, რათა არაუგვიანეს 2026 წლის 10 თებერვლისა, უზრუნველყოს ენერგეტიკის დარგში საქართველოს მთავრობასთან ელექტროსადგურ(ებ)ის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის აწ/და მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებით/მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმის/ პირგასამტეხლოს დაკისრება ყველა იმ შესაბამისი კომპანიისთვის, რომელსაც ამ განკარგულების გამოცემის დღისათვის დარღვეული აქვს საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება/მემორანდუმი.

ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპანიების მიერ არაუგვიანეს 2026 წლის 16 მარტის ჩათვლით სამინისტროს მიერ დაკისრებული ჯარიმის/პირგასამტეხლოს პატიების მოთხოვნისა და განახლებული საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს სამინისტროს, რათა მთავრობას წარმოუდგინოს წინადადება კომპანიაზე დაკისრებული/დასაკისრებელი ჯარიმის/პირგასამტეხლოს ვალდებულების შესრულების პირობით პატიებისა და დარღვევის გამოსწორებისთვის განსაზღვრული განახლებული ვადის დაწესების თაობაზე.

ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპანიების მიერ არაუგვიანეს 2026 წლის 16 მარტის ჩათვლით სამინისტროს მიერ დაკისრებული ჯარიმის/პირგასამტეხლოს პატიებისა და ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის აწ/და მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების/მემორანდუმის შეწყვეტის მოთხოვნის შემთხვევაში, დაევალოს სამინისტროს, რათა საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს წინადადება კომპანიისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი ჯარიმის/ პირგასამტეხლოს პატიებისა და ხელშეკრულების/მემორანდუმის შეწყვეტის შესახებ", - წერია განკარგულებაში.

გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა ენერგეტიკის სექტორში მოღვაწე კომპანიებს ჯამში მილიარდი ლარის ჯარიმებს პატიობს, თუმცა გარკვეული დათქმით. ხელახლა აღარ დაარღვიონ ვადები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოწერილი ჯარიმები ისევ აღუდგებათ. "ქართული ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ სახელმწიფო მკაცრი იქნება ახალი შეუსრულებელი ვალდებულებებისა და ბიუჯეტის წინაშე დაგროვილ დავალიანებების მიმართ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები