„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმულმა სიმძლავრემ გამანაწილებელ ქსელში პიკური დატვირთვის დადგენილ 20%-იან ზღვარს გადააჭარბა. როგორც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, ამ დროისთვის „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში განაცხადების მიღება შეჩერებულია. ამის შესახებ მან მარეგულირებლების მიერ ორგანიზებულ მომხმარებელთა დაცვის III საერთაშორისო კვირეულის დაწყებამდე ჟურნალისტები განუცხადა.
რაც შეეხება სს “თელასს”, განცხადებების მიღება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, იმის გათვალისწინებით რომ პიკური დატვირთვის 20%-იანი ზღვარი ასათვისებელია.
"მარეგულირებელმა კომისიამ 14-დან 20%-მდე გაზარდა პიკური დატვირთვის შესაბამის ქსელში საინტეგრირებელი მწვანე ენერგიის მოცულობა, თუმცა აღნიშნული კვოტა ორ დღეში შეივსო "ენერგო პრო ჯორჯიას" ქსელში. "თელასში" ჯერ კიდევ არ არის შევსებული და იქ განაცხადების მიღება გრძელდება. "ენერგო პროში" რა განაცხადებიც შედის ყველა მათგანი დახარვეზდება. ვიდრე კანონმდებლობაში ცვლილებები არ განხორციელდება და ნეტო აღრიცხვის სისტემაზე არ გადავალთ, მანამდე ახალი განაცხადების მიღება ჩერდება. გვაქვს კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან და ზაფხულიდან შესაძლებელი იქნება ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლა", - ამბობს ნარმანია.
აღსანიშნავია, რომ საკუთარი მოხმარების მიზნით, ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების მოწყობაზე შეზღუდვები არ ვრცელდება, გარდა იმ შემთხვევისა თუ მომხმარებელი მოინდომებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსის მოპოვებასა და შესაბამისად, მასთან დაკავშირებულ ჭარბ ელექტროენერგიაზე დარიცხვის სისტემით (Net Metering) სარგებლობას.
მოქმედი კანონმდებლობით, ყველას აქვს უფლება საკუთარი საჭიროების დასაკმაყოფილებლად აწარმოოს ელექტროენერგია და შეამციროს ელექტროენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო გამანაწილებელ ქსელში გაშვებული ჭარბი ელექტროენერგიით სარგებლობა, საჭიროებს სხვადასხვა ფინანსურ მოდელებში ჩართვასა და რეგისტრაციას.
27 თებერვლის სხდომაზე სემეკმა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მსურველთათვის მანამდე მოქმედი 14%-იანი ზღვარი, რომელიც უკვე შევსებული იყო, როგორც "ენერგო პრო ჯორჯიას", ისე "თელასის" შემთხვევაში 20%-მდე გაზარდა.