მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგო პრო, TAV-ი, თელასი.. - საქართველოს TOP-10 ინვესტორი კომპანია

ჰესი ჰიდროელექტროსადგური ენერგეტიკა

საქართველოში 2024 წლის I კვარტალში 201 მილიონი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 365 მილიონი დოლარით, ანუ 64%-ით ნაკლებია.

წინა წელთან შედარებით ინვესტიციები ყველაზე მეტად დამმუშავებელ მრეწველობაში შემცირდა, რაც სავარაუდოდ, შარშან წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ მსხვილ გარიგებას უკავშირდება, რომლითაც სინგაპურულმა კორპორაცია Indorama-მ "რუსთავის აზოტის" ქარხანა შეიძინა, 2024 წლის I კვარტალში კი მსგავსი მასშტაბის გარიგება არ დაფიქსირებულა.

BMG-იმ საქსტატისგან 2024 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით გამოითხოვა, საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ათეული. პირველ კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი, 79 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში ჩაიდო, შესაბამისად, სწორედ აღნიშნულ სექტორში მოღვაწე კომპანიები იკავებენ უმსხვილესი ინვესტორების რეიტინგში ყველაზე მეტ პოზიციებს.

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ათეული 2024 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით (კომპანიები რიგითობის მიხედვით არ არიან დალაგებული)

  • სს თელასი;
  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
  • შპს მაგთიკომი;
  • შპს თბილისი ენერჯი;
  • სს ენერგო - პრო ჯორჯია;
  • შპს ტავ ურბან საქართველო;
  • სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური;
  • შპს ტოიოტა კავკასია;
  • სს ეპ ჯორჯია გენერაცია;
  • ჩინეთის სახელმწიფო შპს სამშენებლო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალი.

საქსტატის განმარტებით, ისინი ვერ გასცემენ ინფორმაციას იმის თაობაზე თუ უშუალოდ რამდენი მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა ამა თუ იმ კომპანიამ, შესაბამისად რეიტინგში მყოფი კომპანიები რიგითობის მიხედვით არ არის დალაგებული.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ინვესტორ კომპანიებს შორის ერთ-ერთი "ჩინეთის სახელმწიფო შპს სამშენებლო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალი" სინამდვილეში არა ინვესტორი, არამედ სახელმწიფოს კონტრაქტორია რიკოთის მაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებელია.

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგი:

  1. თურქეთი - $42 მილიონი, კლება წინა წელთან $30 მილიონი;
  2. ჩეხეთი - $41.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან $49 მილიონი;
  3. აშშ - $34 მილიონი, კლება წინა წელთან $22 მილიონი;
  4. ნიდერლანდები - $32 მილიონი, კლება წინა წელთან $233 მილიონი;
  5. მარშალის კუნძულები - $22 მილიონი, კლება წინა წელთან $2 მილიონი;
  6. იაპონია - $19 მილიონი, კლება წინა წელთან $44 მილიონი;
  7. ჩინეთი - $14 მილიონი, კლება წინა წელთან $6 მილიონი;
  8. აზერბაიჯანი - $13 მილიონი, ზრდა წინა წელთან $20 მილიონი;
  9. მალტა - $12 მილიონი, ზრდა წინა წელთან $7 მილიონი;
  10. დანია - $10 მილიონი, კლება წინა წელთან $1 მილიონი.

სხვა დანარჩენი ქვეყნები - მინუს 38 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 104 მილიონი დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები