„რუსთავის აზოტი ინდორამა“ ADB-ის $50 მილიონიან სესხს მდგრადობის, გაციფრულების, გარემოს დაცვის და სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებების გასაუმჯობესებლად გამოიყენებს.
როგორც BMG-ის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯეი ჯაჯომ განუცხადა, პროექტი მოემსახურება "რუსთავის აზოტი ინდორამას" არსებული საწარმოო ხაზების განახლებას მოწინავე, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების და გაუმჯობესებული ოპერაციული კონტროლის მექანიზმების დანერგვის გზით. კერძოდ, ინვესტიცია მოხმარდება ამიაკის და ამონიუმის გვარჯილის წარმოების მოდერნიზაციას, მათ შორის ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის გზით. აღნიშნული პროცესი შეამცირებს ენერგომოხმარებასა და სათბური აირების ემისიებს მნიშვნელოვნად. ამიტომაც სესხის ნაწილი სტრუქტურირებულია როგორც მწვანე სესხი.
„ADB-ის 50-მილიონიანი სესხი, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და თავად „რუსთავის აზოტისთვისაც“. ჩვენ ამ სესხს გამოვიყენებთ გარემოს დაცვის, მდგრადობის, გაციფრულების, სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებების გასაუმჯობესებლად და უკეთესი სამუშაო გარემოს შესაქმნელად.
რაც შეეხება სესხის პირობებს, არ ვფიქრობ, რომ საჯაროდ ამის გაზიარება სწორია, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს სესხი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ის გაცილებით იაფია, ვიდრე კომერციული ბანკების სესხები“, - ამბობს ჯეი ჯაჯო BMG-სთან.
გარდა ამისა, "რუსთავის აზოტი" სხვა მნიშვნელოვან პროექტებსაც ახორციელებს. რაც მოიცავს 24-მეგავატიანი მზის პანელების დამონტაჟებას, ჩამდინარე წყლების გამწმენდ ნაგებობის მშენებლობას - წარმოების პროცესში გამოყენებული წყლის რეციკლირებისთვის. ასევე, ახალი საწარმოო ხაზების დამატებას - ახალი პროდუქტის - დაბალი სიმკვრივის ამონიუმის ნიტრატის საწარმოებლად. კომპანიაში ელიან, რომ ახალი პროდუქტი გაზრდის პორტფელს, ხოლო პროდუქცია ლათინური ამერიკისა და ევროპის ბაზრებზე გავა.
"ვაშენებთ ჩამდინარე წყლების გამწმენდ ნაგებობას, რათა წარმოების პროცესში გამოყენებული წყლის რეციკლირება მოვახდინოთ. ეს შეამცირებს წყლის მოხმარებას და დაეხმარება გარემოს. ასევე, ვამატებთ ახალ ობიექტს, დაბალი სიმკვრივის ამონიუმის ნიტრატის საწარმოებლად, რომელიც მხოლოდ ინდუსტრიული გამოყენებისთვისაა. ეს „რუსთავის აზოტისთვის“ ახალი პროდუქტია და ის გაზრდის ჩვენს პორტფელს. გავალთ ლათინური ამერიკისა და ევროპის ბაზრებზე, რადგან ეს უნიკალური პროდუქტია და მსოფლიოში მსგავსი წარმოება ძალიან ცოტაა. ძირითადად, ევროპის, ლათინური ამერიკისა და რეგიონულ ბაზრებს მოვემსახურებით" - ამბობს ჯეი ჯაჯო.
კომპანია მუშაობს გაციფრულებაზეც და წარმოების კონტროლის გაუმჯობესებაზეც. როგორც გენერალური დირექტორი განმარტავს, კომპანია მოდერნიზაციაზე „რუსთავის აზოტის“ შეძენის დღიდან მუშაობს.
მისივე ცნობით, ADB-ის სესხით დაფინანსებული პროექტები, უახლოეს ორ თვეში დაიწყება. ამასთან, ზოგიერთი ობიექტი უკვე მუშაობის პროცესშია, ზოგი კი 2-3 თვეში ამოქმედდება.
"რუსთავის აზოტის" 100%-იანი წილი სს “ე უ ინვესთმენთსისგან“ სინგაპურში ბაზირებულმა კორპორაცია Indorama-ს ქართულმა შვილობილმა იყიდა.
კომპანიის საწარმოო ობიექტების ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით მოდერნიზებისთვის აზიის განვითარების ბანკმა (ADB) კომპანიასთან 50 მილიონი აშშ დოლარის ($) სასესხო ხელშეკრულება გააფორმა.
ADB-ის ცნობით, პროექტი მიზნად ისახავს სასუქის წარმოებაში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებასა და მდგრადი სოფლის მეურნეობის პრაქტიკის ხელშეწყობას საქართველოში, რითაც, ის წვლილს შეიტანს ქვეყნის „ხედვა 2030“-ისა და ეროვნულად განსაზღვრული წვლილის მიზნების მიღწევაში. სესხის ნაწილი მწვანე სესხის სახით ჩამოყალიბდა, რომელიც შეესაბამება ფასიანი ქაღალდების ბაზრის ასოციაციის მწვანე სესხის პრინციპებს, ხოლო მიღებული თანხები მიმართულია შესაბამისი მწვანე პროექტების დაფინანსებაზე.



























