მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ამოქმედებისას მნიშვნელოვანია ბიზნესის ინტერესების გათვალისწინება“ - BAG

646f60a00936e
BM.GE
25.05.23 17:29
699
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელიც ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნის ვალდებულებას შეეხებოდა, ბიზნეს სექტორის ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ლევან ვეფხვაძის თქმით, ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ამოქმედება საერთაშორისო ვალდებულებაა, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტია ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, თუმცა აუცილებელია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლების დროული ინფორმირება, ვინაიდან მინიმალური მოთხოვნებისა და მათი შესრულების პროცედურების სრული დაცვა სწორედ ბიზნეს ოპერატორებს ევალებათ.

BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ყურადღება, ასევე, გაამახვილა მშენებლობის დამპროექტებლისთვის შემოთავაზებულ ტრენინგებსა და ონლაინ-პლატფორმაზე, რაც, მისი თქმით, ეფექტიანი მექანიზმი იქნება პროცესის გამარტივებისთვის.

„ხელისუფლების მხრიდან ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობა და სწორი კომუნიკაციის წარმოება მნიშვნელოვანია ნებისმიერი სიახლის დანერგვის დროს, მით უფრო, როდესაც საკითხი ეხება ენერგოეფექტურობას. ვიმედოვნებთ, რომ პროცესი ჰარმონიულად წარიმართება და სამშენებლო სექტორის ინტერესები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ, დაცული იქნება“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 1 ივლისიდან საქართველოში შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები ამოქმედდება, რომელთა დამადასტურებელი დეკლარაციის წარდგენის გარეშე პროექტი სამშენებლო ნებართვას ვერ მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები