ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა უახლოეს პერიოდში დასამტკიცებლად მთავრობას გადაეგზავნება.
როგორც BM.GE-ს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის სამმართველოს უფროსმა მარიტა არაბიძემ განუცხადა, სამოქმედო გეგმა სამწლიანი ვადით დამტკიცდება.
მისი განმარტებით, დოკუმენტი ინდუსტრიის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სამშენებლო მიმართულებებს მოიცავს, სადაც თავის მხრივ, ენერგოეფექტურობის სამიზნე მაჩვენებლებია განსაზღვრული.
"ეს პირველი ეროვნული სამოქმედო გეგმაა და საზოგადოება რომ არ დამფრთხალიყო, ასეთი მიდგომა ვარჩიეთ - როდესაც დოკუმენტი დამტკიცდება, ამ ინფორმაციას მუნიციპალიტეტებს მივაწვდით, რომ წარმოდგენა შეექმნათ, რადგან ვფიქრობთ, რომ ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარება პირველ ეტაპზე, საჯარო დაწესებულებების შენობებში უნდა მოხდეს - ბაღებში, სკოლებში, სამინისტროებში და ა.შ, რაც ცნობიერების ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განმარტა მარიტა არაბიძემ.
რაც შეეხება დოკუმენტში დასახული ღონისძიებების განხორციელების მთლიან ბიუჯეტს, მარიტა არაბიძის ინფორმაციით, ეს დაახლოებით 800 მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა აქედან - 600 მილიონის ხარჯები სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებს ორი წლის განმავლობაში უკვე გაწერილი აქვთ, დანარჩენ თანხას კი სავარაუდოდ, ის ფონდი გაიღებს, რომელიც ენერგოეფექტური ღონისძიებების დასაფინანსებლად და არა მარტო ამ მიზნით, ჩამოყალიბდება.
როგორც სამინისტროს განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის სამმართველოს უფროსი აცხადებს, სახელმწიფოს სრულიად ახალი ორგანიზაციის შექმნის ფინანსური საშუალება არ აქვს, ამიტომ მთავრობამ გარკვეული გამოსავალი მონახა - ენერგოეფექტური ღონისძიებების დასაფინანსებლად თანხებს ენერგეტიკის განვითარების ფონდი მოიძიებს.
"ჩვენ განვიხილეთ ევროკავშირის როგორც ახალი, ისე ძირძველი წევრი ქვეყნების მაგალითები და ასეთი მოსაზრება გვაქვს, რომ ეს ახალი ფონდი არსებულ რომელიმე უწყებაში უნდა შეიქმნას. ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ასეთია საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რომელმაც როგორც იცით, გორში, ქართლის ქარის ელექტროსადგურის პროექტი განახორციელა. ამ ფონდის მთავარი ფუნქცია პირველ რიგში, დონორებისა და ინვესტორების მიძიება იქნება, არა მხოლოდ ენერგოეფექტურობის კუთხით, არამედ განახლებადი ენერგიების ასათვისებლად. ასევე, ეს სტრუქტურა კანონმდებლობის დახვეწის კუთხით იმუშავებს", - განმარტა არაბიძემ და დასძინა, რომ ენერგოეფექტური მიზნებით ფონდის სტრუქტურის მონახაზი წლის ბოლომდე მზად ექნება.