ენერგოეფექტურობის შესახებ კანონზე მუშაობა სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დაიწყება. როგორც „საქმის კურსს“ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა განუცხადა, კანონზე მუშაობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად დაიწყება.
„მათ სურვილი გამოთქვეს, რომ კანონპროექტის შექმნაში დაგვეხმარონ. სატენდერო და გარკვეული ფორმალური პროცედურები იქნება გასავლელი და ალბათ, წლის ბოლომდე მუშაობას დავიწყებთ. მომავალი წელი კი ნამდვილად დატვირთული იქნება ენერგოეფექტურობის მიმართულებით როგორც სამართლებრივ ჭრილში, ასევე კონკრეტული ღონისძიებების გატარების მხრივ, რადგან ეს არის პერსპექტიული მიმართულება“, - განაცხადა ვალიშვილმა.
რაც შეეხება ენერგოეფექტურობის ეროვნულ სამოქმედო გეგმას, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დოკუმენტზე მუშაობა დასრულდა, თუმცა მის განხორციელებას კანონი სჭირდება. ენერგოეფექტური პოლიტიკის განხორციელებას და მის რეპორტინგს კი ენერგეტიკის სამინისტრო განახორციელებს.

























