ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ენერგოკომპანიებს შეეძლებათ სახელმწიფოს ენერგიის გარანტირებული შესყიდვისთვის მიმართონ. მისი თქმით, ეს მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც კერძო-საჯარო პარტნიორობის(PPP) შესახებ კანონი ძალაში შევა.
რიჟვაძის განმარტებით, ამჟამად სახელმწიფოს ახალ ენერგო პროექტებზე შეჩერებული აქვს გარანტირებული შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების დადება ბიზნესკომპანიებთან.
„დღეს არსებული მდგომარეობით, PPP კანონის ამოქმედებამდე შეჩერებულია ახალ პროექტებზე გარანტირებული შესყიდვა და შემდეგ შესაძლებელი იქნება კონკრეტულ პროექტებზე მოხდეს გარანტირებული შესყიდვების გაცემა, თუმცა, იმ კონკრეტული ღონისძიებებისა და შრეების გავლის შედეგად, რომელსაც ითვალისწინებს ეს კონკრეტული კანონი.
აქცენტები გადატანილი იქნება ფისკალურ რისკებზე და ფინანსთა სამინისტრო ამ მიმართულებით გააკეთებს ანალიზს. პროექტების თაობაზე გადაწყვეტილებას საჯარო-კერძო პარტნიორობის კანონის საფუძველზე შექმნილი სააგენტო მიიღებს“,- ამბობს რიჟვაძე.