ირანის კრიზისის ფონზე გაძვირებული დიზელისა და ბიტუმის გამო, მშენებლები სახელმწიფოსგან მხარდაჭერას მიიღებენ. პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სამშენებლო სექტორისთვის ინდექსაციის მექანიზმი ამოქმედდება.
„ბლექ სი გრუპის“ ხელმძღვანელის, ამირან მამუჭაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურის მშენებლებმა მთავრობისგან ყველა მნიშვნელოვან საკითხზე კონკრეტული პასუხები მიიღეს. მისი თქმით, მსოფლიო კრიზისმა ენერგომატარებლების ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია, რაც მშენებლებისთვის მძიმე ტვირთად იქცა.
“ჩვენ მივიღეთ ძალიან კონკრეტული პასუხები მთავრობისგან, ბატონი პრემიერისგან, ბატონი მინისტრისგან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისგან. ირანის კრიზისმა გამოიწვია დიზელის, ბიტუმის გაძვირება, რაც მშენებლისთვის საკმაოდ რთული ტვირთია, მივიღეთ დაპირება რომ კონკრეტულად ამ სეგმენტში ინდექსაცია იქნება.
ზოგჯერ ბიზნესის მხრიდან ხდება ასეთი წინადადების მიწოდება, თუმცა შემიძლია ხაზგასმით ვთქვა, ეს შემოთავაზება სახელმწიფოს მხრიდან წამოვიდა. დაინახეს, რომ უკვე დიზელი, ბიტუმი, ნავთობპროდუქტები გაძვირდა, სახელმწიფომ ამის დასაკომპენსირებლად გადადგა ნაბიჯი და შეხვედრის დაწყებისთანავე გააჟღერეს ეს გადაწყვეტილება.
მარტო დიზელი 30-40%-ით გაძვირდა, ბიტუმიც ასეა, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენი პროექტების თვითღირებულება ენერგომატარებლების გაძვირების გამო სადღაც 15%-ით გაიზარდა მინიმუმ, რადგან საგზაო ბიზნესისთვის ძირითადი წამყვანი არის ენერგომატარებლები, მშენებლობის დროს. ამის კომპენსირებისთვის წარმოიდგინეთ, უნდა ვიმუშაოთ მთელი წლის განმავლობაში და თეორიული მოგება რაც შეიძლება ჰქონდეს კომპანიას, ის უკვე იკარგებოდა ამ კონკრეტული მსოფლიო კრიზისის გამო და სახელმწიფოს მხრიდან ეს გადადგმული ნაბიჯი ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო დიდი პასუხისმგებლობით უნდა დავუდგეთ ქვეყანას ნებისმიერი პროექტის განხორციელების ჭრილში.”-ამბობს ბლექ სი გრუპის ხელმძღვანელი ამირან მამუჭაძე.




























