თუკი ენერგოობიექტი რაღაც დოვლათს ქმნის, იქიდან გარკვეული პროცენტი იმავე თემის და სოფლის საჭიროებებზე უნდა მიდიოდეს - ასე ეხმაურება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ინიციატივას.
საქმე ისაა, რომ უკვე რამდენიმე წელია, GREDA-ს საკანონმდებლო პაკეტი აქვს მომზადებული, რომელიც გულისხმობს ქონების და მიწის გადასახადის გარკვეული ნაწილის უშუალოდ იმ თემსა თუ სოფელში დარჩენას, სადაც გენერაციის ობიექტები ან/და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგალითად, ელექტროგადამცემი ხაზები შენდება.
როგორც ლევან ვეფხვაძემ BMG-ის საკითხის შეფასებისას განუცხადა, ენერგოობიექტებთან მიმართებაში მსგავსი პრაქტიკაა ევროპის არაერთ ქვეყანაშია, რომელიც საქართველომაც უნდა გაიზიაროს.
მისივე შეფასებით, შესაბამისი ინიციატივის კანონად გადაქცევა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ახალი ელექტროსადგურების მიმართ ნეგატიურ განწყობებს შეამცირებს.
„ამ საკანონმდებლო ცვლილების უპირატესობა ის არის, რომ უფრო მეტად მონეტიზებული გავხადოთ იმ ადამიანების ჩართულობა, რომლებიც ხვდებიან ჰიდროელექტროსადგურების გავლენის არეალში. გავლენის არეალში მყოფ ადამიანებს აქვთ ბუნებრივია განცდა იმისა, რომ თუკი ეს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე რაიმე ტიპის გავლენას თეორიულად შეიძლება ახდენდეს, მაშინ რატომ არ არიან ისინი ჩართულები, თუნდაც ფინანსურ ნაწილში აქტიურად. ანუ რა სარგებელს იღებს კონკრეტული თემი და სოფელი, კონკრეტული ოჯახი იქიდან, რომ ის ცხოვრობს მომავალი ჰიდროელექტროსადგურის უშუალო სიახლოვეს.
აქედან გამომდინარე, ყველაზე მარტივია ვთქვათ, რომ თუკი [ენერგოობიექტი] ქმნის რაღაც დოვლათს და მათ შორის ეს არის ქონების გადასახადი, იქიდან გარკვეული პროცენტი მიდიოდეს ამ თემის, სოფლის და ოჯახების საჭიროებებზე. ეს შეიძლება იყოს ძირითადად ალბათ ინფრასტრუქტურული პროექტები... წყალი, გზა, ადგილობრივი ბაღი, სკოლა და ა.შ.
[დღეს] სრული თანხა მიდის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. [შესაბამისად], უბრალოდ მათ არ აქვთ განცდა, რომ ისინი არიან თანაზიარი ამ ბიუჯეტის და მუნიციპალიტეტის ხარჯების. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ მუნიციპალიტეტმა ისე დაგეგმოს მერე უკვე ხარჯვითი ნაწილი, რომ სულ მცირე 25% მაგალითად, მიდიოდეს ამ კონკრეტულ თემზე. შეიძლება ეს იყოს არა ბიუჯეტი, არამედ ცალკე გარკვეული ფონდი, ე.წ. სარეზერვო ფონდი, სადაც ირიცხება ეს თანხები და მერე უკვე იქიდან იხარჯება. ამ თანხების განკარგვასაც ბუნებრივია კურირებენ ერთობლივად ადგილობრივი თემი, მუნიციპალიტეტი და ინვესტორი“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
მისივე განმარტებით, ენერგოპროექტების მშენებლობის გაჭიანურების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მოსახლეობის ნეგატიური განწყობებია.
„ფაქტია, რომ პროექტები გაჩერებულია. მათ შორის გაჩერებულია ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის გამო და ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ კონკრეტულ მოძრაობას, რომ პროექტების მშენებლობა განახლდეს. ამიტომ ამ ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ ის არის თანამონაწილე, „წილშია“ იმ ელექტროსადგურის მიერ შექმნილი დოვლათის, რომელსაც ბუნებრივია შემდეგ მოიხმარს საკუთარი თემის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.




























