მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ენერგოოკუპაციის საფრთხე - კერძო სექტორი ენერგეტიკაში შეფერხებულ ინვესტიციებზე საუბრობს

5d4c4b6104967
დავით ჯალაღონია
09.08.19 18:25
877
ლარის გაუფასურების პირობებში, ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში, საინვესტიციო აქტივობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ერთ-ერთი ყველაზე ინვესტიციატევადი დარგი ენერგეტიკაა, სადაც იმპორტირებული რესურსები წლიდან წლამდე იზრდება.

ელექტროენერგიის კომერციული ოპერატორის ბოლო მონაცემებით, 2019 წლის ივნისში საქართველოში 7 მლრდ 958 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 28.9%-ით მეტია. ესკო-ს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ელექტროენერგია სომხეთიდან, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოვიდა.

რაც შეეხება წლის პირველი ნახევრის ჯამურ მაჩვენებელს, იანვარ-ივნისში 622.1 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც 2018 წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს 592.1 (მლნ კვტ.სთ) 5.1%-ით აღემატება.

ამ პირობებში, "საქსტატის" ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის წინასწარი მონაცემებით, ენერგეტიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 30%-ით შემცირდა. (2017 წელს 224 მლნ 126 ათასი აშშ დოლარი, 2018 წელს - 157 მლნ 151 ათასი)

BM.GE დარგში ინვესტიციების შემცირების მიზეზებზე კერძო სექტორის წარმომადგენლებს ესაუბრა. შვეიცარული კომპანია "შტუკის" ბიზნეს განვითარების დირექტორი ტატო ცინცაძე ენერგეტიკაში ინვესტიციების შემაფერხებელ ერთ-ერთ ფაქტორად მთავრობის მიერ გარანტირებული ხელშეკრულებების პრაქტიკის გაუქმებას ასახელებს.

"ინვესტიციების მოზიდვის მხრივ მთავარი შემაფერხებელი გარემოება გარანტირებული ხელშეკრულებების გაუქმებაა, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ასეთი მაღალი კაპიტალდაბანდების მქონე პროექტების დაფინანსებისთვის.

ასევე, ძალიან ნეგატიური გავლენა იქონია თურქეთში განვითარებულმა მოვლენებმა, რადგან თურქეთი ყოველთვის ითვლებოდა მთავარ საექსპორტო ბაზრად და ვიცით, რომ იქ პოლიტიკური და ეკონომიკური რყევებია. დღესდღეობით თითქმის გათანაბრებულია საქართველოსთან თურქეთში ელექტროენერგიის საბაზრო ფასი და შესაბამისად, საექსპორტო ღირებულება თურქეთის ბაზარზე კიდევ უფრო დაწეულია.

რა თქმა უნდა, ასევე საჭიროა კომუნიკაცია და ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენერგეტიკის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენს თავზეც გვაქვს გამოცდილი და ზოგადად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის ამის მაგალითი, როდესაც ძლიერი ენერგოექსპორტიორები, ანუ ქვეყნები ენერგორესურსებით, იყენებენ ამ ბერკეტს, როგორც პოლიტიკურ, თუ ეკონომიკურ ბერკეტს მათზე დამოკიდებულ ქვეყნებზე ზეგავლენის მოსახდენად. ისეთ გეოპოლიტიკურ რეალობაში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ, არ აქვს ამას მნიშვნელობა, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორზე ვიქნებით დამოკიდებული, თუ ჩრდილოელ მეზობელზე, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს, დგას საშიშროება, რომ ეს ტერიტორიული, მცოცავი ოკუპაცია შემოცოცდეს ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ოკუპაციაში", - მიიჩნევს ტატო ცინცაძე.

ამ გამოწვევების ფონზე, პროექტების ნაწილის განხორციელება გარკვეული მიზეზების გამო ვერ იწყება, მათ შორის არის პანკისის ხეობაში დაგეგმილი 5.4 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური "ხადორი 3". პროექტის ერთ-ერთი ინვესტორი კომპანიის შპს "ფერის" დამფუძნებლის ლაშა იორდანიშვილისთვის ობიექტის მშენებლობის განახლების ვადები უცნობია, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა ამ ჰესის მშენებლობის წინაპირობად, მოსახლეობის მიერ აპრილში გამოთქმული პროტესტის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ადგილობრივი მაცხოვრებლების 90%-იანი მხარდაჭერა დაასახელა.

"პანკისის მოვლენების შემდეგ, "ხადორი 3"-ის შემთხვევაში, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის თანხმობის შემდეგ უნდა განახლდეს მშენებლობა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ "სამყურის" ჰიდროელექტროსადგური დავიწყოთ უახლოეს პერიოდში, რომელიც მოსახლეობისგან მოშორებულია და ბოლო სახლიდან, 10-15 კილომეტრით არის დაშორებული ზევით, მდინარე სამყურაწყლის აღმავალი მიმართულებით. ეს არის 30-მეგავატიანი სადგური.

პარალელურად, ვემუშავებით მოსახლეობას, რომ კიდევ ერთხელ ავუხსნათ და დავუმტკიცოთ მათ, რომ კარგის მეტი არაფერი მოაქვს ამ ჰიდროელექტროსადგურებს", - განაცხადა ლაშა იორდანიშვილმა.

კითხვაზე, ეხმარება თუ არა მას ხელისულება პანკისში, ამ პროექტისთვის მოსახლეობის 90%-იანი მხარდაჭერის მოსაპოვებლად, იორდანიშვილი პასუხად ამ მხრივ სამომავლო იმედებზე საუბრობს.

"დიდი იმედი გვაქვს, რომ დაგვეხმარება. ალბათ, საერთოდ რეგიონებში სახელმწიფოს მიერ ნათქვამი სიტყვა უფრო დასაჯერებელია, ვიდრე ერთ-ერთი რიგითი ინვესტორის", - აღნიშნა მან.

სწორედ "ხადორი 3"-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, სხვა რეგიონების მაცხოვრებლებისთვის გადამდები აღმოჩნდა.

"სამწუხაროდ, პანკისმა დომინოს ეფექტი გამოიწვია და ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი მოსახლეობა ერთ ადგილას გამოვიდა, გააპროტესტა და შეაჩერა მშენებლობა და ეს ერთ ადგილას მოხდა, რატომ არ შეიძლება რომ სხვაგან მოხდეს და შესაბამისად, დომინოს ეფექტი არის ის, რომ ყველა სხვა რეგიონში კიდევ უფრო გამწვავდა პრობლემები.

თუკი ხელისუფლების წარმომადგენელმა (შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისში განაცხადა) საჯარო სივრცეში თქვა, რომ მოსახლეობის 90% თუ თანახმა არ იქნება, არ აშენდება, ამ 90%–ს ახლა ყველა ხეობაში, სოფელში ითხოვენ სწორედ იმისთვის, რომ ჩვენ დავიწყოთ მშენებლობა. პრობლემა არის ის, რომ ჩვენ თავის დროზე ვაშენებდით დიდ ხუდონს, რომელზეც ვთქვით, რომ ეს არ გვინდა და დავიწყოთ მცირე და საშუალო ზომის ჰესები. გადავედით ამ ჰესებზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვერ ვაკეთებთ, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა წინააღმდეგია. ახლა მთავარია გავარკვიოთ, სად მივდივართ – ან ერთი, ან მეორე გზით უნდა წავიდეთ", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ BM.GE-სთან საუბრისას.

ცნობისთვის: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ მომზადებულ ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში მოცემულია ყველა იმ პერსპექტიული ელექტროსადგურის ნუსხა, რომელიც სხვადასხვა პერიოდში შესაძლოა, ქსელს მიუერთდეს ანუ ექსპლოატაციაში შევიდეს.

მათგან BM.GE-მ ის ობიექტები გამოყო, რომელიც ან გასულ წელს უნდა ამუშავებულიყო ან - მიმდინარე წელს. ამ პერიოდში გადავადებული ობიექტების ჩამონათვალშია: ხელრა, იფარი, მტკვარი, ნაკრა, ქვედი, ზეკარი, ანდეზიტი, ასევე საშუალა ჰესი ერთი და ორი.

ამ პროექტების ნაწილი რამდენიმე თვით, ნაწილი კი, რამდენიმე წლით გადავადდა. მათგან საერთო ჯამში, წლიურად, საქართველო 392 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგიის მიღებას ელოდა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები