ენერგეტიკის დარგის ინვესტორები ელიან, რომ მთავრობის მხრიდან ენერგეტიკული პროექტების შესწავლის პროცესი გაგრძელდება და რიგი პროექტების გაუქმება სამომავლოდაც მოხდება.
როგორც კომპანია SHINE ENERGY-ის დამფუძნებელმა "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა, მოლოდინია, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან უფრო ნათელი გახდება, თუ რომელ პროექტებს ექნება შესაძლებლობა, უშუალოდ სამშენებლო ეტაპზე გადავიდეს. ნინო გადელიას თქმით, პროექტების გადარჩევის პროცესში სახელმწიფო ელექტროსისტემაცაა ჩართული.
მისივე თქმით, გაუქმებულ პროექტებს შორის იყო ისეთი პროექტებიც, რომლებიც წლების განმავლობაში თავად ინვესტორები მხრიდანაც ჭიანურდებოდა.
“მზის ნაწილში მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების ძალიან ბევრი პროექტია ეკონომიკის სამინისტროში წარდგენილი. გარკვეული პროექტები გაუქმდა რიგი გარემოებების გამო, ანუ ინვესტორის მხრიდან გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ან ტექნიკური გაუმართაობის გამო, ანუ ქვესადგურს შესაძლოა არ ჰქონდეს შესაძლებლობა კონკრეტული მიერთება უზრუნველყოს და ამ ნაწილში ჩვენ [პროექტების] მეორე და მესამე გაუქმებების პროცესს ველით, ანუ ახლა ფილტრაციის ეტაპი მიდის და ალბათ მომდევნო წლის მეორე კვარტალიდან, ანუ გაზაფხულიდან უკვე ბევრად უფრო გამჭვირვალე გახდება მოცემულობა, თუ რომელ ქვესადგურებზე იქნება თავისუფალი მიერთების შესაძლებლობა, საბოლოო ჯამში რომელ პროექტებს დარჩებათ ნებართვა და რომელი გადავა სამშენებლო ფაზაში.
ზოგადად, ახლა რა პროექტებიც ექვემდებარება გაუქმებას, ეს პროექტები არ არის გუშინ და გუშინწინ აღებული. წლებია ეს ნებართვები გაცემულია და ეს ელექტროსადგურები ისედაც არ შენდებოდა და ფაქტობრივად, ფურცლის ინვესტორები გამოდიოდნენ. სახელმწიფოს მიზანი არის, რომ ახალი რეფორმით, რომელიც უკვე მომდევნო წლიდან დაიწყება, როგორც [ელექტრო] სისტემის ნაწილში, ისე სამინისტროს ნაწილში, რეალურად აშენდეს ელექტროსადგურები და საქართველოს ენერგოსისტემას შეემატოს გენერაციის ობიექტები.
მიუხედავად იმისა, რომ ახლა კომპლექსური პერიოდია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბაზარს პოზიტიური მოლოდინები არ აქვს, იმიტომ, რომ თავის მხრივ, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი უწყებებიც ძალიან აქტიურად არიან დარგის მოთამაშეებთან კომუნიკაციაში”, - განაცხადა ნინო გადელიამ.
ცნობისთვის, ქართული ოცნების მთავრობის გადაწყვეტილებით, ათობით ენერგოპროექტის განხილვა შეწყდა, რომლებზეც ინვესტორებსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის მემორანდუმები არ იყო გაფორმებული. ჯამში, საუბარია 1.7 გიგავატის პროექტებზე, მათ შორის ჰესებზე, ქარის და მზის სადგურებზე.




























