მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ენგურჰესი" გვირაბის რეაბილიტაციისთვის, შესაძლოა, არც 2019 წელს გაჩერდეს

5b43587ab5dd0
დავით ჯალაღონია
09.07.18 16:42
741
"ენგურჰესის" ხელმძღვანელობა გერმანელ კონსულტანტებს ელოდება, რათა კონსულტაციების საფუძველზე გადაწყვიტოს, დაგეგმოს თუ არა 2019 წლის გაზაფხულზე ჰესის გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

როგორც BM.GE-ს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ განუცხადა, ობიექტის გაჩერების თარიღი თვის ბოლომდე დაზუსტდება.

ამასთან, ლევან მებონიას თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის „უყაირათო მოხმარებასთან“ დაკავშირებით არსებული პრობლემის დასარეგულირებლად დღეს, რეგიონის დე-ფაქტო მთავრობასთან რაიმე სახის სამუშაო არ მიმდინარეობს, რადგან ეს დამოკიდებულია იმაზე, მომავალ წელს „ენგურჰესი“ სრული დატვირთვით იმუშავებს თუ არა.

"როდესაც ჩამოვყალიბდებით ზუსტად გაჩერების თარიღებზე, მაშინდ დავიწყებთ განხილვებს აფხაზებთან. ახლა ამდენი ელექტროენერგიაა შემოსატანი და როცა ზუსტად არ ვიცით თარიღები და ვადები, ვისთან უნდა ვილაპარაკოთ?! ახლა ჩამოდიან გერმანიიდან ჩვენი კონსულტანტები და დაახლოებით, 25 რიცხვისთვის ჩამოვყალიბდებით“, - განუცხადა BM.GE-ს ლევან მებონიამ.

„ენგურჰესის“ გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები თავდაპირველად, წელს იყო დაგეგმილი, თუმცა როგორც 2017 წლის ბოლოს გახდა ცნობილი, თარიღმა 2019 წლამდე გადაიწია. როგორც ზემოთ აღნიშნულია, შესაძლოა, ამ თარიღმაც გადაიწიოს. „ენგურჰესის“ საინვესტიციო გეგმის თანახმად, რეაბილიტაციისთვის 35 მილიონი ევრო დონორებისგან, 27 მილიონი ლარი კი საკუთარი სახსრებიდან არის გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გასული წლის ბოლოს დაამტკიცა, "ენგურჰესს“ 2018 წლის მაისში 440 მლნ/კვტ.სთ ელექტროენერგია უნდა გამოემუშავებინა, ერთკვირიანი შეფერხების გამო კი, ამ ჰესის დისტრიბუცია მთლიან სისტემაში სწორედ 48 მილიონით შემცირდა.

"ენგურჰესი" საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია და მისი გამომუშავება, მთლიანი გენერაციის დაახლოებით, 30%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები