მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ენგურჰესის დირექტორი: აფხაზეთის ელექტრომომარაგების პრობლემა 5-6 წლის მანძილზე მწვავე იქნება

58c2a8ebaeb6a
დავით ჯალაღონია
10.03.17 17:30
1904
"ენგურჰესის" რეაბილიტაციის განმახორციელებელი კომპანია მიმდინარე წლის ბოლოს გამოვლინდება. ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" "ენგურჰესის" დირექტორმა ლევან მებონიამ განუცხადა.

"სხვადასხვა საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულები. ჩატარდება ტენდერი. კომპანიას შევარჩევთ, რომელიც სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვას გააკეთებს. წლის ბოლოს შემსრულებელ კომპანიებზე ტენდერს ჩავატარებთ და 2018 წელს ეს კომპანია გააკეთებს რემონტს. დაფინანსებას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, საქართველოს მთავრობის გარანტიით უზრუნველყოფს", - განაცხადა მებონიამ.

რაც შეეხება "ენგურჰესის" რეაბილიტაციის პროცესში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის ელექტროენერგიით მომარაგების საკითხს, როგორც მებონია აღნიშნავს, ამ მხრივ ვითარება კიდევ უფრო გართულდება.

"აფხაზეთის ელექტრომომარაგების საკითხი მწვავედ არის და კიდევ იქნება მწვავედ უახლოესი 5-6 წლის განმავლობაში, რადგან გამრიცხველიანებას და წესრიგში მოყვანას ძალიან დიდი თანხები სჭირდება. დაახლოებით, 80-90 მილიონ ევროზეა ლაპარაკი. აფხაზეთმა უნდა მოიძიოს ეს ფული, თავისი ქსელის მოდერნიზაცია გააკეთოს", - განაცხადა მებონიამ.

მებონიასგან განსხვავებით, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა არ ექნება.

"ჩვენ საკმაო მოცულობები გვაქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე კარგი ურთიერთობები გვაქვს ხაზებისა და ელექტროგადამცემების თვალსაზრისით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან. მოსახლეობა ვერანაირ დეფიციტს ვერ იგრძნობს. აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და როგორც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე ვზრუნავთ, ასევე ვიზრუნებთ მათზე", - განაცხადა კალაძემ "ბიზნესკონტრაქტთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ "ენგურჰესის" გვირაბის დათვალიერების პროცესი დასრულდა და სპეციალისტები სარემონტო სამუშაოების განხორციელებისთვის ემზადებიან, რომელიც 2018 წელს იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები