ენგურჰესზე ჰიდრომააკუმულირებელი სადგურის მშენებლობის პროცესში რუსული "ინსტიტუტ ჰიდროპროექტი" და მისი პარტნიორი შვეიცარიული კომპანია Stucky მიიღებენ მონაწილეობას.
სწორედ ამ კომპანიებმა უნდა მოამზადონ სადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. 3,5 მილიონი ლარის ღირებულების შეკვეთას, ეს კომპანიები გამარტივებული შესყიდვის წესით მიიღებენ.
დასაბუთებაში, რომელიც შესყიდვების სააგენტოშია გაგზავნილი ნათქვამია, რომ ენგურჰესის თავდაპირველი საპროექტო დოკუმენტაცია, ქართულ მხარეს არ გააჩნია და ის რუსული "ინსტიტუტ ჰიდროპროექტის" საკუთრებაშია, ამ დოკუმენტის გარეშე კი სრულფასოვანი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის მომზადება ვერ მოხერხდება.
ამასთან, რუსული კომპანია მხოლოდ შვეიცარულ Stucky-სთან თანამშრომლობას თანხმდება.
""ინსტიტუტ ჰიდროპროექტი" მხოლოდ Stucky Ltd.-თან ერთად არის თანახმა პროექტში მონაწილეობაზე. ტენდერის გამოცხადებისა და მასში ისეთი სუბიექტის გამარჯვების შემთხვევაში, რომელიც ვერ შეძლებს სს "ინსტიტუტ ჰიდროპროექტთან" თანამშრონლობის სათანადო დონეზე დამყარებას (რისი ალბათობაც საკმაოდ მაღალია), ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება ხანგრძლივი ვადით გადაიწევს, რაც დაუშვებელია", - ნათქვამია განაცხადში.
ჰუდრომააკუმულირებელი სადგურის მშენებლობა ენგურჰესის თაღოვან კაშხალთან იგეგმება. სადგურის მშენებლობის აუცილებლობას სპეციალისტები რამდენიმე მიზეზით ხსნიან. კერძოდ, მისი არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება სადერევაციო გვირაბის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, რაც ენერგოდანაკარგებს შეამცირებს და წყალდიდობების პერიოდში აუთვისებელი წყალს გამოიყენებს ენერგიის წარმოებისთვის.
ვარაუდობენ, რომ ახალი გენერაციის ობიექტი ქვეყნის ენერგოსისტემას წელიწადში 700 მგვტ სიმძლავრეს შესძენს და ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულებას შეამცირებს.
პროექტი რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტირებას საჭიროებს, თანხების მოძიებას კი ქართული მხარე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან აპირებს.