ENKA-ისთვის გადასახდელი კომპენსაციის თანხა 450 მლნ დოლარამდე გაიზარდა. თუმცა თურქი ინვესტორისთვის შესაძლოა უფრო მეტის გადახდაც მოუწიოს ქვეყანას, რადგან ამ თანხას საურავიც ერიცხება, რაც ამერიკის ფედერალური რეზერვის მიერ დადგენილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს დამატებული 4%-ია.
საქართველომ ნამახვანის ინვესტორთან საარბიტრაჟო დავა გასული წლის დეკემბერში წააგო. კომპანიამ არბიტრაჟს მას შემდეგ მიმართა, რაც მთავრობამ ხელშეკრულება შეწყვიტა. ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით, ახლა უკვე პოლიტიკიდან წასულმა ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 9 ივნისს განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგურის პროექტი არსებული სახით აღარ განხორციელდებოდა. მაშინდელი პრემიერი ასევე ამბობდა, რომ კონტრაქტის პირობები მიუღებელი იყო. ამის შემდეგ ENKA-მ დარღვეული საინვესტიციო უფლებები არბიტრაჟში გაასაჩივრა.
როგორც ჩანს, მთავრობა სასამართლო დავის აცილებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. საქართველოში ENKA-ს ყოფილი დირექტორი მერაბ ლომინაძე გვეუბნება, რომ მთავრობას კომპანიასთან მოლაპარაკებები სურდა, მაგრამ საბოლოოდ ინვესტორის დაყოლიება ვერ მოხერხდა.
“რაც შეეხება იმას იყო თუ არა იმის ასპარეზი რომ მოლაპარაკება შემდგარიყო, ალბათ ნამდვილად იყო, თუმცა სამწუხაროდ საკმაოდ ხისტი გამოდგა ინვესტორის პოზიცია იმასთან დაკავშირებით თუ რა ქმედების ვალდებულება ჰქონდა სახელმწიფოს და რა - ინვესტორს. სწორედ აქ მოხდა ასე ვთქვათ ერთის მხრივ კომუნიკაციის არასწორი წარმოება, მეორეს მხრივ უკვე ქმედებაში ამ ყველაფრის გადათარგმნა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, გაიმართა კონსულტაციები, უბრალოდ ინვესტორმა ამ შემთხვევაში დაინახა მისი ძლიერი მხარე სამართლებრივი თვალსაზრისით და გამოიჩინა ძალიან ხისტი პოზიცია", - განაცხადა ლომინაძემ.
არადა აშენების შემთხვევაში ნამახვანჰესი ენგურის შემდეგ, საქართველოში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური იქნებოდა. წლიური საპროექტო გამომუშავებით 1496 მლნ. კვტსთ. ეს 2024 წელს ქვეყანაში მთლიანი გამომუშავების 10%-ზე მეტია. 800 მლნ დოლარიანი პროექტის ექსპლუატაციაში შესვლა 2025-2026 წლებში იგეგმებოდა.
“არბიტრაჟამდე საქმე არ უნდა მისულიყო და ინვესტორს საქმიანობის განხორციელების საშუალება უნდა მისცემოდა. მოდით ჯერ ფინანსური ზარალი დავითვალოთ. ჩვენს ქვეყანას უნდა მიეღო ინვესტიციის სახით 800 მლნ დოლარი. ამის მაგივრად როგორც ჩანს, იქით გვაქვს გადასახდელი 450 მლნ დოლარი ანუ სხვაობა 1. 250 მილიონია. თუ ჩვენი მოსახლეობა 3.9 მლნ-ია, გამოდის რომ ერთ სულზე თქვენ მე, ჩემმა შვილმა და თითოეულმა ჩვენგანმა დაახლოებით 320 დოლარი დავკარგეთ", - აცხადებს ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი.
რაც შეეხება ენერგეტიკულ ზიანს, მარგველაშვილი ამბობს, რომ ქვეყანამ ზამთრის გენერაციის ობიექტი დაკარგა, რადგან ნამახვანჰესი წყალსაცავიანი ჰესი უნდა ყოფილიყო და ზამთარშიც ემუშავა.
როგორც ჩანს, პროექტის ჩაგდებამ ინვესტორებს დიდ ჰესებში ინვესტირების სურვილიც დაუკარგა.
“ჩვენ სერიოზული დარტყმა მივიღეთ იმიჯის თვალსაზრისით ნამახვანჰესთან დაკავშირებით. ერთი არის ფინანსური დარტყმა, ხოლო მეორეა სხვათა დაინტერესება. სხვა ინვესტორების მხრიდან დაინტერესება ვერ წამოვა თუ ასეთი ტიპის არაერთი შემთხვევები გვექნება", - აცხადებს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე.
ნამახვანის კასკადის პროექტს ათასობით მოწინააღმდეგე ჰყავდა, რომლებმაც ადგილზე, ქუთასსა თუ თბილსში არაერთი აქცია გამართეს. ისინი ამტკიცებენ, რომ მთავრობა ინვესტორს უფასოდ აძლევდა ძალიან ღირებულ ეროვნულ რესურსს მიწასა და წყალს და რომ პროექტის სარგებელი ნათელი არ იყო.
დღეს უკვე სადავო კონტრაქტით სახელმწიფო ვალდებული იყო ნამახვანჰესის ენერგია სადგურების ამუშავებიდან პირველი 15 წლის განმავლობაში შეეძინა. წელიწადის 8 თვე. გარდა მაისისა და ზაფხულის თვეებისა. ამ პერიოდში ქვეყანას ადგილობრივი გამომუშავება ისედაც ჭარბად აქვს და დენი ექსპორტზეც კი გააქვს.
"ქართული ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე გასული წლის ბოლოს პროექტის ჩაშლას უკვე არასამთავრობო ორგანიზაციებს აბრალებდა და ღარიბაშვილისგან განსხვავებით ამბობდა, რომ Enka-თან კონტრაქტი აბსოლუტურად გამართული იყო. 27 ივნისს, პარლამენტში კობახიძემ ჰესებთან დაკავშირებით ახალი პოლიტიკაც დააანონსა და პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის 4-დან 10 ათას მეგავატამდე გაიზრდება სიმძლავრის. მან ასევე თქვა, რომ ჰესების მშენებლობის გარეშე ეს მიზანი ვერ მიიღწევა.




























