მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ENKA-ს მიერ არბიტრაჟში ჩივილი საინვესტიციო კლიმატისადმი დიდი დარტყმა იქნება - გიორგი ჩიქოვანი

614ef512366a2
დავით ჯალაღონია
26.09.21 11:46
1104
"ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენმა ქვეყანამ ეს ("ნამახვანჰესის" ინვესტორ ENKA-სთან საარბიტრაჟო დავა) თავიდან აირიდოს, რადგან ჩვენ არ ვართ განებივრებული დიდი ინვესტიციებით", - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის (GEDF) ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა BM.GE–სთან ინტერვიუში (ინტერვიუ ჩაერილია ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ENKA–ს განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე) განაცხადა.

გიორგი ჩიქოვანი იმ რისკებზე საუბრობს, რაც შესაძლოა "ნამახვანის" ინვესტორის მიერ საარბიტრაჟო დავას მოჰყვეს.

"ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენმა ქვეყანამ ეს თავიდან აირიდოს, რადგან ჩვენ არ ვართ განებივრებული დიდი ინვესტიციებით. მზარდი ეკონომიკა ვართ, გვჭირდება, რომ ინვესტორებმა აქ თავი იგრძნონ კომფორტულად და ინვესტორის მიერ არბიტრაჟში ჩივილი ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისადმი, საინვესტიციო კლიმატისადმი დიდი დარტყმა იქნება. ვფიქრობ, რომ ქვეყანამ, თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალური უნდა გააკეთოს, რომ საქმე აქამდე არ მივიდეს, რადგან ინვესტორები ყოველთვის უყურებენ მათ წინამორბედს რა გამოცდილება ჰქონდა იმ ქვეყანაში და თუ ეს გამოცდილება ცუდია და არბიტრაჟით მთავრდება, ინვესტორი ქვეყნიდან გარბის, სხვა ინვესტორებს კი ნაკლები ინტერესი ექნებათ ინვესტიციების განხორციელების და საქართველოს მაგივრად სხვა ალტერნატივას აირჩევენ, სადაც უკეთესი პირობები იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება და ჩვენ შევძლებთ "ენკასთან" თანამშრომლობის გაგრძელებას", – აღნიშნა მან.

კითხვაზე, "ნამახვანის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სხვა პროექტებთან, სხვა ინვესტორებთან მიმართებით გადამდები ეფექტი ხომ არ აქვს, გიორგი ჩიქოვანმა პასუხად აღნიშნა, რომ ნებისმიერი ინვესტორი რომელიც პრობლემას ერთ პროექტზე, ამ რისკებს უკვე საკუთარი პროექტის განხორციელებისას ითვალისწინებს.

"ეს უარყოფითად მოქმედებს ნებისმიერ პროექტზე, მხოლოდ ენერგეტიკას არ ეხება, ნებისმიერ საინვესტიციო პროექტზე მოქმედებს, როცა ქვეყანაში ხელისშემშლელი ფაქტორები არსებობს და ამას არ აქვს მნიშვნელობა, ადგილობრივი იქნება, თუ საერთაშორისო ინვესტორი. მრავალი მაგალითი გვაქვს, როცა ადგილობრივ ინვესტორსაც ექმნება ანალოგიური პრობლემები", – განაცხადა GEDF–ის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ ინვესტორმა განაცხადი სტამბოლის საფონდო ბირჟაზე დაარეგისტრირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები