მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ENKA-სთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროს ხედვას თვის ბოლოს გაგაცნობთ - რომეო მიქაუტაძე

61e55fcda9978
ელენე გოგბერაშვილი
17.01.22 16:27
992
ეკონომიკის მინისტრის ახალი მოადგილე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის ინვესტორ კომპანია ENKA-სთან დაკავშირებით სამინისტრო ხედვას თვის ბოლოს წარადგენს. რომეო მიქაუტაძემ ამის შესახებ "რიონის ხეობის მცველებთან" ონლაინშეხევდრაზე განაცხადა.

როგორც ცნობილია, კომპანია ENKA-მ გასული წლის სექტემბერში საფონდო ბირჟაზე ფორს-მაჟორისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია  საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დასაწყებადაც ემზადება.

მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ეკონომიკის მინისტრის ახალ მოადგილეს ჰკითხა, რა პროცესები მიმდინარეობს ახლა, როცა ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანიამ მსგავსი განაცხადი გააკეთა. 

" ჩვენ გვექნება ჩამოყალიბებული პოზიცია იანვრის ბოლომდე. საჯაროდ ყველა დაინტერსებულ მხარეს სამინისტროს ხედვას გავაცნობთ ენკასთან დაკავშირებით, ამ მემორანდუმთან დაკავშირებით. სხვადასხვა უწყებები ვმსჯელობთ შიგნით და ამ გადაწყვეტილებას გაგაცნობთ"- აცხადებს რომეო მიქაუტაძე. 

კითხვაზე, რჩება თუ არა პროექტში ENKA, მიქაუტაძემ კიდევ ერთხელ განმარტა:

"არ გავუსწროთ მოვლენებს წინ. 2 კვირაა დარჩენილი და თქვენ მიიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით".

აღსანიშნავია, რომ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გასულ თვეში პარლამენტში ისაუბრა. "ENKA თუ არ დარჩა, შეიძლება, „ნამახვანჰესის“ პროექტი სახელმწიფომ განახორციელოს", - თქვა ნათია თურნავამ და ისიც დასძინა, რომ   საერთაშორისო არბიტრაჟში დავა დაწყებული არ არის და სახელმწიფო ინვესტორ კომპანიასთან მოლაპარაკებების პროცესშია, რომ თუ ENKA პროექტში არ დარჩება, სახელმწიფოსთან შეთახმებით დატოვოს პროექტი.

„არბიტრაჟში დავა დაწყებული არ არის. ჩვენ ENKA-სთან, ჯერჯერობით, მოლაპარაკების პროცესში ვიმყოფებით, რომლის შედეგად თუ დავუშვათ ინვესტორთან მათი დაბრუნების პირობებზე შევთანხმდებით, ან თუნდაც მათი გასვლა პროექტიდან იყოს ურთიერთშეთანხმებით და არ იყოს ისეთი პირობები, რომელიც საბოლოო ჯამში, საქართველოს პროექტს დაუკარგავს. დარწმუნებული ვართ, ამ შეთანხმებას მივაღწევთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს საკითხი არბიტრაჟის გარეშე გადავწყვიტოთ ინვესტორთან და მეორე იმდაგვარად მოგვარდეს, რომ შემდეგ კვლავ გახსნილი იყოს განხორციელებისთვის.

ENKA თუ არ დარჩება პროექტში, მომავალში ეს პროექტი შეიძლება თვითონ სახელმწიფომ განახორციელოს, რაც ურიგო არ იქნება, იმ კითხვების გათვალისწინებით, რა კითხვებიც ჩნდება ამ საკითხთან დაკავშირებით. შეიძლება სრულად არ იყოს სახელმწიფო და სხვა ინვესტორიც მოვიყვანოთ, მაგრამ რაც მთავარია, „ნამახვანჰესის“ პროექტმა ძალიან ბევრი რამ გვასწავლა, რომ მსხვილ პროექტების განხორციელებისას მართლაც განსხვავებული მიდგომა და მთავრობის მხრიდან მეტი მუშაობაა საჭირო“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები