მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Entain-მა საქართველოში €200 მლნ ჩადო, ახლა მთავრობა ინვესტორებს დივიდენდს აყვედრის - “კრისტალბეთი“

61b9c1642d824
შოთა ტყეშელაშვილი
15.12.21 14:25
1156
პარლამენტი აზარტული თამაშების რეგულირების პაკეტს დაჩქარებული წესით განიხილავს. ცვლილებების თანახმად, 25 წლამდე ასაკის პირებს აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა აეკრძალებათ, ეს აკრძალვა არ შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და სოციალურად დაუცველებს, ჯამში მილიონამდე ადამიანს. ასევე, შეიქმნება დამოკიდებულ და აკრძალულ პირთა სიები მოთამაშის ან მისი ოჯახის წევრის მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კანონპროექტით, აზარტული თამაშების რეკლამა ტელევიზიით იკრძალება, ხოლო ბიზნესს გადასახადები ეზრდება.

კანონპროექტის შინაარსის და ფორსირებული პროცესის შესახებ კრიტიკული შენიშვნები აქვთ აზარტული თამაშების კომპანიებს, რომლებიც მთავრობას აფრთხილებენ, რომ აკრძალვის შედეგად მოათამაშეთა ნაწილი უცხოურ, არარეგულირებად პლატფორმებზე გადაინაცვლებს, რაც ეკონომიკას დიდძალ თანხებს დააკარგინებს. კომპანიებს შენიშვნები აქვთ მთავრობის რიტორიკასთან დაკავშირებითაც, რომელიც სათამაშო ბიზნესის გლობალური ინვესტორების მიმართ ნეგატიურია.

“კრისტალბეთის” გენერალურმა დირექტორმა ჯაბა პეიტრიშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობა Entain ჯგუფს, რომელმაც ქვეყანაში 200 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩადო, დივიდენდს აყვედრის. მისი თქმით, გაუმართლებელია ფაქტი, რომ აზარტული თამაშების რეგულირება სრულიად მოულოდნელად, სექტორთან შეუთანხმებლად ხდება.

“ჩვენ ვართ Entain-ის ჯგუფის წევრი, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟის პირველი ასეულის წევრია და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 10 მილიარდ ფუნტს აღემატება. ჩვენმა კომპანიამ დააინტერესა Entain-ი, რათა 200 მილიონი ევროს ინვესტიცია შემოეტანა საქართველოში. ეს ინვესტიცია რეინვესტირდა სოფლის მეურნეობაში, ტურიზმში და სხვადასხვა სფეროებში. ბოლო კვირების განმავლობაში მთავრობის განცხადებებში შეინიშნება ტენდენცია, რომ უცხოელ ინვესტორებს მოგებას და დივიდენდს ვაყვედრით. ბოლო 3 წლის განმავლობაში ინვესტორმა დივიდენდის სახით მიიღო 262 მილიონი ლარი. გუშინ გაისმა, რომ ტრილიონები გადის ქვეყნიდან, რაც სრული სიცრუეა.

ამ ცვლილების ინიციატორები უდიდეს შეცდომას უშვებენ, ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ასეთ ფორსირებულ რეჟიმში მიღებით. ჩვენმა სექტორმა, რომელიც წლიურად ბიუჯეტში 300 მილიონის შენატანს ახორციელებს და ათასობით ადამიანს ასაქმებს, ასეულობით მილიონს ატრიალებს საქართველოს ეკონომიკაში. ეს იგულისხმება ის სფეროები, სადაც ჩვენ ფულს ვხარჯავთ. ესენია IT; რეკლამების განთავსება და სხვა მრავალი. თუნდაც საბანკო სექტორი, ინტერნეტ პროვაიდერები და ასე შემდეგ. ათეულობით მილიონი ლარით ფინანსდება ქართული სპორტი. ასეთმა მსხვილმა ინდუსტრიამ პრემიერის განცხადებით, სამი კვირის წინ გაიგო, რომ უმძიმესი საკანონმდებლო ცვლილებები ტარდება. ძალიან მძიმე ფაქტია, როდესაც სათამაშო ბიზნესის სექტორთან არანაირი კონსულტაცია არ გაგივლიათ. ერთადერთი, რაც შეხვედრის ფორმატით ჩატარდა იყო ორი კვირის წინ ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან, მიხეილ დუნდუასთან შეხვედრა, რაც ჩემი აზრით, მოვალეობის მოხდის მიზნით უფრო იყო, ვიდრე რეალურად გულწრფელი მოტივაციით, რომ ფინანსთა სამინისტროს ჩვენთვის მოესმინა.

ამას მაშინვე მივხდით, როგორც კი შეხვედრის დაწყებისთანავე ფოტოგრაფი შემოვიდა ჩვენს შეხვედრაზე, რომ სამხილები შეეგროვებინა იმაზე, რომ “ბიზნესს ელაპარაკება სამინისტრო”, -  განაცახადა “კრისტალბეთის” გენერალურმა დირექტორმა ჯაბა პეიტრიშვილმა.

საქართველოს ონლაინსათამაშო ბიზნესში დღეს წამყვან პოზიციებს საერთაშორისო კომპანიები იკავებენ. მათ შორის “კრისტალბეთის” ჯგუფს Entain ჯგუფი ფლობს, “აჭარაბეთის” მფლობელია Flutter-ი, “ევროპაბეთის” მფლობელი კი Betsson Group-ია. თითოეული მათგანი მსოფლიოში აზარტული თამაშების გლობალური ოპერატორები არიან.

აზარტული თამაშების რეგულირების პროექტი პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ნოემბერს დაანონსა და და მან ფინანსთა სამინისტროს 1-კვირიანი ვადა მისცა, რათა კანონპროექტი შემუშავებულიყო. აზარტული თამაშების ინდუსტრიის წარმომადგენლების განცხადებით, ეს განცხადება მათთვის სრულიად მოულოდნელი იყო და არ იცოდნენ, რომ მთავრობა ასეთი მასშტაბური რეგულაციების მომზადებას გეგმავდა.

2 კვირის წინ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საკანონმდებლო ცვლილებების ძირითადი პრინციპების პრეზენტაცია გამართა და თქვა, რომ პარლამენტს ის უახლოეს ვადებში წარედგინებოდა. ამის შემდეგ ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ აზარტული თამაშების ბიზნესებთან გამართა შეხვედრა და მათთან კანონპროექტის შესახებ ისაუბრა.

13 დეკემბერს კი, პარლამენტში ეს ცვლილებები საკანონმდებლო პაკეტის სახით დარეგისტრირდა, თუმცა ამ შემთხვევაში მათ ავტორად არა მთავრობა ან ფინანსთა სამინისტრო, არამედ "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან მითითებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები