მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Entrée-მ ლონდონში ახალი, რიგით მეორე ფილიალი გახსნა - ინვესტიცია £350 ათასია

627b9aa637ef7
ვიქტორია მღებრიშვილი
11.05.22 22:14
1500
სტუმარმასპინძლობის სექტორში მოქმედმა ქართულმა კომპანია Entrée-მ ლონდონში ახალი, რიგით მეორე ფილიალი გახსნა.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის მარკეტინგის კომუნიკაციის ხელმძღვანელი ლიკა მიქაუტაძე ამბობს, რომ Entrée Mayfair დღეს ბერკლის მოედანზე Bruton Place-ზე გაიხსნა და მასში კომპანიამ 350 000 ფუნტის ინვესტიცია ჩადო. ახალ ფილიალში ხუთი ადამიანი დასაქმდა.

„ლონდონში Entrée-ს ფორმატი ქართულ კერძებზეა აქცენტირებული. ახალი ფილიალი სტუმრებს იმავე კერძებს შესთავაზებს, რომელსაც ნოთინგ ჰილის პირველი Entrée სთავაზობს. ეს ყველაზე პოპულარული ქართული კერძებია“, - აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.


Entrée-ში აღნიშნავენ, რომ კომპანია ლონდონში განვითარებას განაგრძობს და მესამე ფილიალის გახსნას ზაფხულისთვის Westminster-ის ნაწილში გეგმავს.

„აუცილებლად გავაგრძელებთ ექსპანსიას ლონდონის მასშტაბით. ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ქართული სამზარეულოს კერძები ყველა ქვეყანაში იმუშავებს. ამასთან ჩვენს მომხმარებელს უნიკალურ ფორმატს ვთავაზობთ. მათ ქართული კერძების დაგემოვნება, როგორც ადგილზე, ასევე გატანითაც შეუძლიათ“, - უთხრა BM.GE-ის ლიკა მიქაუაძემ.

აღსანიშნია, რომ გასული წლის მიწურულს bm.ge-ს Entrée-ს დამფუძნებელმა ევგენი ფიჩხაიამ განუცხადა, რომ კომპანიისთვის ამ დროისთვის პრიორიტეტი დიდი ბრიტანეთის ბაზარია. მისი თქმით, ლონდონში უკვე არსებული Entrée-ს ობიექტი ისეთ საწარმოს აერთიანებს, რომელსაც ჯამში, 5 ფილიალის მომარაგება შეუძლია.

ამასთან, კომპანიის დამფუძნებლის თქმით, 2022 წელს Entrée-ს ორ-ორი ახალი ფილიალი აზერბაიჯანსა (ბაქოში) და საქართველოშიც გაიხსნება, საბოლოოდ კი Entrée საქართველოს მასშტაბით - 16, ბაქოში - 8 და დიდ ბრიტანეთში 3 ფილიალს გააერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები