2025 წელი სამი ახალი ობიექტით დავხურეთ: თბილისში ლაღიძის ქუჩაზე, ლონდონში ჩელსიში და ბაქოში ნარიმანოვის ქუჩაზე,- ამის შესახებ BMG-ს Entrée-ში განუცხადეს.
ამ დროის მონაცემებით, Entrée-ს ჯგუფი ჯამურად 30 კაფეტერიას ფლობს: საქართველოში, დიდ ბრიტანეთსა და აზერბაიჯანში. კომპანია ჯამურად სამ ქვეყანაში 600 ადამიანს ასაქმებს, თუმცა ახალი ობიექტების დამატებასთან ერთად, დასაქმებულთა რაოდენობაც მზარდია.
როგორც კომპანიაში ამბობენ, თითოეული ახალ კაფეში საშუალოდ 300 000 ევროს ღირებულების ინვესტიცია იდება და საშუალოდ 8-10 ადამიანი საქმდება.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ მიმდინარე წელიც გაფართოებით დაიწყო: "2026 წლის იანვარში ბაქოში რიგით მეცხრე კაფე ADA University-ს ტერიტორიაზე გავხსენით, თებერვლის დასაწყისში კი ჩვენს ქსელს მეათე ობიექტი დაემატება",- აცხადებენ Entrée-ში.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, არსებულ ბაზრებზე გაფართოების პარალელურად, აშშ-ში განვითარების გეგმას ამუშავებენ.
"სტაბილურად ვფართოვდებით არსებულ ქვეყნებში, თითოეულ ქვეყანას ერთი ან ორი ობიექტი ყოველწლიურად ემატება, თუმცა აქტიურად ვმუშაობთ ახალი ბაზრების ათვისებაზეც, მაგალითად ამ ეტაპზე ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების გეგმას ვამუშავებთ.
ლონდონსა და ბაქოში მიღწეულმა წარმატებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ Entrée უნიკალურია თავისი შეთავაზებით და უდიდესი პოტენციალი აქვს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც არ უნდა წარმოადგინო ის",- უთხრეს BMG-ის კომპანიაში.




























