FAO Georgia-ს პროექტის მენეჯერის მიხეილ სოხაძის განცხადებით, ხორცის დეფიციტის საშიშროება ქვეყანაში არ არსებობს. მისივე შეფასებით, მოკლევადიან პერიოდში არ არსებობს არც ფასის ზრდის წინაპირობა.
გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში ექსპერტმა განაცხადა, რომ რუსეთში მიმდინარე ეპიდსიტუაციაზე გავრცელებული ცნობები სანდოობასთან დაკავშირებით გარკვეულ კითხვებს ბადებს. სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ნოვოსიბირსკის ოლქში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს არა პარტერელოზისა და ცოფის, არამედ ისეთი დაავადების გავრცელებას როგორიცაა ზოონოზი.
„რუსეთში მიმდინარე პროცესები საკმაოდ ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ოფიციალურად საუბარია პასტერელოზზე, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს დაავადება არ მოითხოვს ისეთ მკაცრ ჩარევას, როგორსაც დღეს ვხედავთ. ამიტომ მიჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს სხვა ტიპის დაავადებასთან, მათ შორის ზოონოზთანაც. თუმცა სანამ ლაბორატორიული დიაგნოზი არ დაისმევა ყველაფერი მაინც ვარაუდია.
რაც შეეხება პრევენციას, მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია კონტროლის მექანიზმების გამკაცრება. თუ დაავადებამ უფრო დიდი მასშტაბები მოიცვა, მ ეტაპზე დაახლოებით 2500 კილომეტრზე ვსაუბრობთ, შესაძლოა საჭირო გახდეს სახელმწიფოს უფრო აქტიური ჩართვა. მაგალითად, შეიძლება საჭირო გახდეს ცხოველების ვაქცინაცია ჩრდილოეთ ზონებშიც, სადაც აქამდე ამის აუცილებლობა არ იდგა.
მე იმედს ვიტოვებ, რომ ვეტერინარებს შორის ინფორმაციის სწრაფი გავრცელება და სურსათის ეროვნული სააგენტოს დროული და სწორი რეაგირება ეფექტური იქნება, რადგან მსგავსი პრეცედენტები უკვე არსებობს.
რაც შეეხება დეფიციტის და ფასების ზრდის საკითხს, ამ თემაზე პროგნოზის გაკეთება მიჭირს. მიუხედავად იმისა, რომ იმპორტი გარკვეულწილად დამოკიდებულია რუსეთზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საუბარია ნოვოსიბირსკის რეგიონზე, რომელიც საქართველოდან საკმაოდ შორს და მცირე ტერიტორიაზეა. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ დაავადება სწრაფად გავრცელდება ჩვენს მიმართულებით ან დიდ გავლენას მოახდენს ბაზარზე.
ჩემი შეფასებით, პანიკის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს და არც იმას ველოდები, რომ უახლოეს მომავალში ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქნება. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია და რამდენად გაფართოვდება საკარანტინო ზონა.“- განაცხადა მიხეილ სოხაძემ.
რუსეთის ფედერაციაში ცხოველთა ინფექციური დაავადებების გამო ვითარება ამ დროისთვის არასტაბილურია. კერძოდ, ნოვოსიბირსკის ოლქში ცოფისა და პასტერელოზის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
აღნიშნული საფრთხეების გამო, 2026 წლის 13 მარტიდან ბელარუსის რესპუბლიკამ რუსეთის რიგი რეგიონებიდან პირუტყვის, ხორცისა და სხვა ცხოველური პროდუქციის იმპორტზე დროებითი შეზღუდვები დააწესა. აღსანიშნავია, რომ ბელარუსი საქართველოსთვის საქონლის ხორცის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია.
შექმნილ ვითარებაზე განმარტებას აკეთებს საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოც. უწყების ცნობით, ქვეყანაში ცოცხალი ცხოველებისა და ხორცის იმპორტი მკაცრად კონტროლდება. სააგენტოში აცხადებენ, რომ ეპიდემიოლოგიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში ყოველწლიურად 6 მილიონამდე ვეტერინარული მანიპულაცია ტარდება.
თავის მხრივ ვითარებას გამოეხმაურნენ ფერმერებიც. „საქართველოში მომდევნო ორი თვის განმავლობაში, საქონლის ხორცის ფასის, მინიმუმ 20-25%-იანი ზრდაა მოსალოდნელი,“ - ამის შესახებ BM.ge-სთან ინტერვიუში ფერმერმა გაგურამ ბიჭიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ფასების მატება პირდაპირ კავშირშია რუსეთიდან ცოცხალი პირუტყვის იმპორტის შეჩერებასთან, რაც თავის მხრივ მეზობელ ქვეყანაში დაავადებების გავრცელებითაა გამოწვეული.




























