მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექიმებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის პირობები იცვლება

ექიმი

სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განმეორებით გასვლასთან დაკავშირებით ექიმებისთვის დადგენილი შეზღუდვის უქმდება.

პარლამენტი უკვე განიხილავს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს.

მოქმედი კანონით, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების
შემთხვევაში პირს უფლება აქვს, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გამოცდაზე განმეორებით გავიდეს მხოლოდ ორჯერ. ამასთან, გამოცდებს შორის სავალდებულოა 6-თვიანი ინტერვალის დაცვა.

შედეგად, პირს, რომელიც სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე მიიღებს უარყოფით შეფასებას, გამოცდაზე ხელახლა გასასვლელად უწევს კანონით განსაზღვრული ხანგრძლივი პერიოდის დაცვა, მიუხედავად იმისა, თუ რა ვადაში შეძლებს იგი ცოდნისა და პროფესიული კომპეტენციების გაუმჯობესებას და განმეორებითი გამოცდისთვის მომზადებას.

ამას გარდა, კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებს შორის კანონით დადგენილი 6-თვიანი ინტერვალი აფერხებს სახელმწიფო სერტიფიკატის მოპოვებას და პირის მიერ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დაწყებას. შესაბამისად, ეს შეზღუდვა გავლენას ახდენს პირის პროფესიაში შესვლის ვადაზე.

"ბოლო ხუთი წლის მონაცემებით, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები, როგორც წესი, წელიწადში ორჯერ ტარდება და განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს, საგამოცდო სესიებს შორის შუალედი კი ხშირად ექვს თვეზე ნაკლებია. ის გარემოება, პირს წელიწადში ერთხელ მიეცემა გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა თუ ორჯერ, არსებული რეგულირების პირობებში, დამოკიდებულია იმაზე, გამოცდების დაგეგმვისას რეალურად დაცულია თუ არა 6-თვიანი დროის შუალედი. შესაბამისად, პრაქტიკაში წარმოიქმნა შემთხვევები, როდესაც, რამდენიმედღიანი ცდომილებიდან გამომდინარე 6-თვიანი ვადის დაცვის ფაქტობრივად შეუძლებლობის გამო დაინტერესებულმა პირებმა, პრაქტიკულად, მომდევნო 6 თვის განმავლობაში დაკარგეს გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა, რასაც ფორმალურის გარდა, სხვა რაიმე მიზეზი არ გააჩნდა", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ცვლილებების შედეგად გაუქმდება სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განმეორებით გასვლის რაოდენობასა და გამოცდებს შორის 6-თვიანი ინტერვალის დაცვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო შეზღუდვა და დაინტერესებულ პირს მიეცემა შესაძლებლობა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემდეგ, გამოცდის ჩატარების დადგენილი წესისა და განრიგის შესაბამისად, განმეორებით მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაში.

საექიმო საქმიანობის უფლების მოპოვების აუცილებელ წინაპირობა სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები