დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ კოლოსალური დატვირთვის პირობებში, სამედიცინო სისტემა ძალიან კარგად უმკლავდება სიტუაციას. როგორც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, მთელი სამედიცინო სექტორი “ომიკრონის” მართვაზეა გადართული.
„დატვირთვასაც აქვს თავისი საზღვარი. ექიმებს ციდან ხომ არ ჩამოვიყვანთ, ამაზე მეტი ექიმი ქვეყანაში აღარ არის. მთელი სამედიცინო სექტორი „ომიკრონის“ მართვაზეა გადართული. ვემზადებით იმისთვის, რომ მართლაც დიდი დარტყმა იქნება“, - განაცხადა მან.
იმნაძე ასევე სამედიცინო მომსახურებით უკმაყოფილო მოქალაქეების წუხილსაც გამოეხმაურა: „უცხოეთში არავინ ჰყავთ ახლობელი, რომ ჰკითხონ ხოლმე, რა ხდება განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად PCR-ტესტის პასუხს რამდენი დღის შემდეგ აძლევენ?! ასეთი დატვირთვის პირობებში ჩვენი სამედიცინო სისტემა ძალიან კარგად უმკლავდება. ჩემს კოლეგებს ორი წელია არ დაუსვენიათ, ისინიც ადამიანები არიან“.