ქვეყანაში ექიმთა პასუხისმგებლობის დაზღვევა შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. ამის შესახებ BM.GE-სთან დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით ონოფრიშვილმა განაცხადა.
როგორ აფასებს კერძო სექტორი აღნიშნულ ინიციატივას, ამის შესახებ "ჯეო ჰოსპიტალსის" გენერალურ დირექტორს ზურაბ ქიტოშვილს ვესაუბრეთ, რომელიც ამბობს, რომ საკითხზე კომუნიკაცია აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ ამ დროისთვის გაურკვეველია რამდენად მძიმე ფინანსურ ტვირთად დააწვება კერძო სექტორს დამატებითი ხარჯი.
“იდეას მივესალმებით. შინაარსობრივად, სისტემის სწორად გამართვის შემთხვევაში, აღნიშნული ინიციატივა პოზიტივის მომტანი შეიძლება იყოს ქვეყნისა და ჯანდაცვის სექტორისთვის, რადგან რისკების დივერსიფიკაციას მეტად შეუწყობს ხელს, თუმცა ძირითად პრობლემად ის ფინანსური ხარჯი რჩება, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ სექტორს კიდევ უფრო დაამძიმებს,” - განაცხადა ქიტოშვილმა.
ამიტომაც, მისივე თქმით, საჭიროა ექიმთა პასუხისმგებლობის დაზღვევის სწორი ფორმულირებისა და მეთოდის პოვნა.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის, დავით ონოფრიშვილის განცხადებით, ექიმთა პასუხისმგებლობის დაზღვევა მნიშვნელოვანია ექიმისთვის, რომელმაც შესაძლოა შეცდომა დაუშვას და იმ პირისთვისაც, ვისთანაც მას ურთიერთობა ჰქონდა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში ინიციატივა, კანონპროექტის სახით უკვე გვექნება.