მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ექნება თუ არა საქართველოს ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობა, წლის ბოლომდე გადაწყდება

5bc1bc76ba7ba
თელარა გელანტია
13.10.18 13:33
947
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით, საქართველოსა და ინდოეთის შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევის დასრულება ბოლო ფაზაშია.

როგორც bm.ge-ის ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარე წლის ბოლომდე საქართველოს ინდოეთის კომერციისა და მრეწველობის სამინისტროს დელეგაცია ეწვევა, რომლის დროსაც ხელი მოეწერება დოკუმენტს მიზანშეწონილობის კვლევის ოფიციალური დასრულების შესახებ.

„მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნეს სამინისტროში.

თუმცა ჯერ კიდევ, მიმდინარე წლის მაისში, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა „საქმიან დილაში“ განაცხადა, რომ ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის გაფორმების შესახებ მიზანშეწონილობის კვლევა დასრულებული იყო.

სამინისტრო მიზანშეწონილობის კვლევის შედეგებს, ჯერჯერობით, არ ასაჯაროებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები