„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე დამატებით განმარტავს, რა სარჩელის ფარგლებში აგრძელებს დავას საქართველოს ეროვნულ ბანკთან 2007-2008 წლების ტრანზაქციასთან დაკავშირებით.
„მე ვგულისხმობ სარჩელს, რომელიც შევიტანე ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, მათ 2007-2008 წლის რამდენიმე ტრანზაქცია დააკვალიფიცირეს, როგორც დაკავშირებული მხარის ტრანზაქციად და ინტერესთა კონფლიქტის რეგულირების დარღვევად“, - განუმარტა BM.GE-ის ბადრი ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბადრი ჯაფარიძემ ეროვნულ ბანკთან დავის გაგრძელებასთან დაკავშირებით დღეს უკვე გაავრცელა ერთი განცხადება.
„მე, როგორც ბადრი ჯაფარიძეს, არ გამომაქვს სასამართლოდან ჩემი სარჩელი, გავაგრძელებ ჩვენი სიმართლის მტკიცებას და მივიღებ მონაწილეობას პარლამენტის მიერ დანიშნულ განხილვებში 26 თებერვალს.
რაც შეეხება ჩემს მომავალს ბანკში - მე პატივს ვცემ ბანკის გადაწყვეტილებას და მის შესაბამისად ვიმოქმედებ. მიუხედავად დაგემილი რესტრუქტურიზაციისა, თიბისის გუნდი რჩება უაღრესად კვალიფიციური და პატრიოტი ადამიანების ურყევ ერთობად.
შეუცვლელ ფაქტად რჩება ის, რომ თიბისი დაფუძნებულია მამუკა ხაზარაძის, ჩემი და ჩვენი სხვა პარტნიორების მიერ. ჩვენს შექმნილ წარმატებას არაფერი ემუქრება და თიბისი განაგრძობს მისი ფასეულობებისა და გრძელვადიანი გეგმების მიხედვით წარმატებულ სვლას", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: სს „თიბისი ბანკმა“ ეროვნული ბანკის წინააღმდეგ დავა შეწყვიტა. ამასთან, სებ-ის ინფორმაციით, „თიბისი ბანკი“ რეგულატორის მიერ დაკისრებულ ჯარიმას, რაც 2007-2008 წლების ტრანზაქციების ფარგლებში, „ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებს“ უკავშირდება, გადაიხდის. ჯარიმა ერთ მილიონ ლარს შეადგენს.

























