„აუცილებელია და მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა, როდესაც ასეთი ინვესტიციატევადი პროექტები ორ ეტაპად ხორციელდება, პირველ ეტაპზე ნავსადგურში ფუნქციონირებადი ოპერატორები, გადამზიდავები და საზღვაო ხაზები ერთვებიან. მსოფლიოში გავრცელებული მოდელის მეორე ფაზა ითვალისწინებს ნავსადგომის განვითარების საბჭოს ჩამოყალიბებას. ამ საბჭოში მინისტრის მოადგილეები და ვიცე პრემიერები შედიან და მათი წარმომადგენლები იღებენ გადაწყვეიტლებას; ეს ყველაფერი უგულებელყოფილი იყო და გადაწყვეტილება ვიღაცამ მიიღო“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
BM.GE-ის კითხვაზე - ხომ არ გამოდის ისე, რომ ეკონომიკის სამინისტრო რეალურად საქმის კურსში იყო, მაგრამ მხოლოდ დღეს გააკეთა განცხადება და სააგენტოს უფროსი გრიგოლ კაკაურიძე გაათავისუფლა თანამდებობიდან, ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ „ასე გამოდის, პასუხისმგებლობა გადაიტანა კაკაურიძეზე“.
„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ თამაშის წესები წინასწარ უნდა იყოს დაანონსებული.
„ასეთი წინადადება როდესაც შემოვა და ფინანსურად ტევადი პროექტი შემოდის, ჩვენ ვმოქმედებთ ასე და ასე... ეს არის თამაშის წესები. ეს გაწერილი და რეგლამენტირებულია, როდესაც ეს რეგლამენტირებული არ არის, ვაკეთებთ ასეთ ნაჩქარევ განცხადებას“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
შეგახსენებთ: ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი სამშენებლო ნებართვას არ წარმოადგენს.
თურნავამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მიერ „ეიფიემ ტერმინალსისთვის“ მიწათასარგებლობის ნებართვის გაცემა დარღვევებით მოხდა და შესაბამისად, ბრძანება გაუქმებულია, ხოლო სააგენტოს უფროსი კი, სამსახურიდან გათავისუფლებულია.
თურნავამ ასევე თქვა, რომ სააგენტოს უფროსმა გრიგოლ კაკაურიძემ, გადაწყვეტილების მიღებისას დამოუკიდებლად იმოქმედა და ის არავისთან შეუთანხმებია, მათ შორის არც - მინისტრთან.
ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია პირველმა, 28 მაისს ფოთის მერიამ გაავრცელა, მეორე დღეს კი - ნებართვის მიმღებმა „ეიპიემ ტერმინალსმა“.
რამდენიმე საათის წინ განცხადება გაავრცელა "ეიპიემ ტერმინალსმა". კომპანიაში ამბობენ, რომ 2 მაისის ბრძანების გაუქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი, ჯერჯერობით, არ მიუღიათ.

























