მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ექსპლოატაციაში არშესულ კორპუსში მოქალაქე არ უნდა შევიდეს, მაგრამ დღეს მზად ვართ ამისთვის?"

5c9ba35b4a210
სალომე მეცხვარიშვილი
27.03.19 21:30
782
ექსპლოატაციაში არშესულ კორპუსში მოქალაქე არ უნდა შევიდეს, მაგრამ დღეს მზად ვართ ამისთვის?,- ამის შესახებ bm.ge-სთან “მენაშენეთა ასოციაციის” წარმომადგენელი თორნიკე აბულაძე აცხადებს.

მისი თქმით, ხედვის დონეზე ეთანხმება თბილისის მერიის ინიციატივას, რომ ექსპლოატაციაში არშესულ კორპუსში შესახლება არ უნდა მოხდეს, თუმცა არის ტექნიკური დეტალები და ვადები, რაზეც შენიშვნები აქვს.

“როცა ვსვამ შეკითხვას - რამდენად მზად ვართ ამისთვის, ვგულისხმობ, როგორც ჩვენს სფეროს, ასევე თავად მერიას; როგორ მოხდება ამის ადმინისტრირება და რა შედეგებს გამოიღებს ეს? ბოლო პერიოდში მივიღეთ ბევრი რეგულაცია. რაღაცის გადასახარშად მზად ვართ, რაღაცის - არა”,- აცხადებს თორნიკე აბულაძე.

რაც შეეხება მერიის კიდევ ერთ ინიაციატივას, რომელიც იმ შენობების ამნისტიას გულისხმობს, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს, თუმცა ოფიციალურად ექსპლოატაციაში არ არის შესული,  თორნიკე აბულაძე ამას დადებითაც აფასებს.

მისი თქმით, ხშირად ამ პრობლემის გამო, მოქალაქეებს სესხის აღებაც კი უჭირთ.

“რომ არ ვაღიაროთ ეს მშენებლობები, რა მოხდება? დავანგრევთ? დაახლოებით, 800 კორპუსია ასეთი და ამ მოსახლეობას გარკვეული პრობლემები ექმნება იმის გამო, რომ მათი სახლი არ არის ექსპლოატაციაში მიღებული. მაგალითად, შეიძლება ბანკში სესხის აღების დროს იმის გამო, რომ ბინა ექსპლოატაციაში არ არის მიღებული, უფრო დაბალ ფასად შეუფასონ ბინა ან უფრო მძიმე პირობებში მისცენ სესხი. ამის არაღიარებით ვერაფერს მოვიგებთ. თუმცა, უნდა უზრუნველვყოთ, რომ მომავალში ეს ტენდენციური არ გახდეს და მრავლად არ მოხდეს. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ყოველი მთავრობა ამნისტიას არ აცხადებდეს, ვინაიდან ამნისტია ყოველთვის ვიღაცის მიმართ უსამართლობას გულისხმობს”, - აცხადებს თორნიკე აბულაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები