მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ექსპორტი ჩინეთში, სინგაპურსა და აშშ-ში - როგორია "გრინგოლდის" გეგმები?

გრინგოლდი

ჩაის მწარმოებელი კომპანია „გრინგოლდი“ ჩინეთის ბაზარზე ექსპორტს იწყებს. კომპანიის დამფუძნებელი, ნიკა სიორიძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება და პირველი პარტიის გაგზავნა უახლოეს პერიოდში იგეგმება.

„ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც აქამდე არ ყოფილა - შეიძლება ადრე მცირე რაოდენობით ქართული ჩაი ჩინეთში ვინმეს გაეტანა, მაგრამ მასობრივი ექსპორტი პირველად ხორციელდება. ასევე, დაგეგმილი გვაქვს ჩაის ექსპორტი სინგაპურსა და აშშ-ში“, - აცხადებს სიორიძე.

მისივე ინფორმაციით, კომპანიის გაყიდვების 80% ექსპორტზე მოდის. პროდუქცია უკვე წარმოდგენილია 15 ქვეყანაში, ძირითადად ევროპაში, ასევე აზიასა და აშშ-ში, ხოლო მიმდინარე წელს გეოგრაფიის კიდევ უფრო გაფართოებაა დაგეგმილი. "გრინგოლდში" ამბობენ, რომ ახალი ბაზრების ათვისება, მათ შორის ჩინეთში შესვლა, პირდაპირ აისახება წარმოების ზრდაზეც. 2026 წელს „გრინგოლდი“ დაახლოებით 10 ტონა პრემიუმ ჩაის წარმოებას გეგმავს, რაც ექსპორტის გაფართოების ფონზე უნდა უზრუნველყოს.

„წელს ვგეგმავთ წარმოების 10 ტონამდე ზრდას, რაც 25%-მდე ზრდას მოგვცემს. ეს იმით არის განპირობებული, რომ უკვე გვაქვს წინასწარი შეთანხმებები ახალ ბაზრებზე, მათ შორის ჩინეთში. ჩინეთთან უკვე ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს და ერთ კვირაში გარკვეული რაოდენობის პარტიებს გავგზავნით. სეზონის დაწყებასთან ერთად კი უფრო გავაქტიურდებით მიწოდების კუთხით”, - აღნიშნავს სიორიძე.

მისივე თქმით, საერთაშორისო ბაზარზე ქართული ჩაი კონკურენტუნარიან ფასში იყიდება: „პრემიუმ სეგმენტში ჩვენი ჩაის საშუალო ფასი დაახლოებით 22 ევროა, ხოლო უფრო მასობრივი პროდუქცია 13-15 ევროს ფარგლებში მერყეობს“, - ამბობს ის.

კომპანია „გრინ გოლდი“ ქართული ჩაის მწარმოებელია, რომელიც სოფელ ნაგომარში აღდგენილი პლანტაციების ბაზაზე შეიქმნა. დღეს კომპანია დაახლოებით 25 სახეობის ჩაის აწარმოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები