პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელძღვანელი რომან კაკულია მიიჩნევს, რომ ექსპორტის საკრედიტო სააგენტო და საგარანტიო ფონდი ერთმანეთთან არ იკვეთება. ამის შესახებ კაკულიამ ეკონომიკის მინისტრთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც სწორედ საგარანტიო ფონდზე იმსჯელეს.
"არავითარ დუბლირებას არ აქვს ადგილი ექსპორტის საკრედიტო სააგენტოსთან, ვინაიდან სხვა მიზნობრივ ჯგუფზე იქნება ორიენტირებული ეს ინიციატივა (საგარანტიო ფონდი). ჩვენ ვსაუბრობთ იმ მიზნობრივ ჯგუფებზე, რომელთა ბიზნესსექტორში ჩართვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა არის, რომ მათ არ გააჩნიათ გირავნობა. ამ ინიციატივის განხორციელებაში გვჭირდება იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, რომლებიც დღეს იყვნენ წარმოდგენილი, რათა მათი მხრიდან რეკომენდაციების ფონზე განვითარდეს ეს ბიზნესი",-აცხადებს კაკულია.
საგარანტიო ფონდი მცირე და საშუალო ბიზნესს სესხის აღების დროს თანაუზრუნველყოფაში დაეხმარება. დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ მათი სურვილია, ფონდში შევიდნენ მთავრობა, კომერციული ბანკები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები.

























