მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ექსპორტის ზრდის გამო, ბაზარზე საქონლის ხორცის დეფიციტი შეიქმნა

58a70e8b7952f
ელენე გოგბერაშვილი
17.02.17 19:00
2775
ბოლო რამდენიმე კვირაა ბაზარზე საქონლის ხორცის დეფიციტი შეიქმნა. ხორცპროდუქტების მწარმოებლები მიზეზად საქონლის ექსპორტის მზარდ ტენდენციას ასახელებენ, რისი გავლენითაც ადგილობრივ ბაზარზე მსხვილფეხა პირუტყვის შესყიდვა საკმაოდ გართულდა. ამან კი ასახვა ჰპოვა პროდუქციის ღირებულებაზეც. სარეალიზაციო ქსელებსა და აგრარულ ბაზრობებზე საქონლის ხორცი დაახლოებით 2 ლარამდე გაძვირდა.

საქსტატის მონაცემებით, იანვარში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 3,9 პროცენტით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით კი 4,2%-ით. აქედან ხორცი და ხორცპროდუქტები 2,5%-ით გაძვირდა.

"ფასების ზრდა გამოიწვია გაზრდილმა ექპორტმა მცირეწონიანი, 150-200 კილოიანი საქონლის, რომელიც ერაყში გადის. ვინც საქართველოში ყიდულობდა პირუტყვს, ასუქებდა და მერე ყიდდა, მათ უჭირთ საქონლის მოძიება. სწორედ ამან გამოიწვია, რომ ბაზარზე აღარ არის დასაკლავი საქონლის რაოდენობა. თუ ერაყის ბაზარი მომთხოვნი იქნება, ვფიქრობ, გაიზრდება ხორცის იმპორტი. ეს ფასებიდან გამომდინარე არ იქნება სასარგებლო ბაზრისთვის. გაზრდილი ფასი მეწარმისთვის კარგია, თუმცა თუ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა იქნება დაბალი, ეს პრობლემა იქნება ჩვენთვისაც", - აცხადებს "ბიზნესკონტრაქტთან" "ბექას ნობათის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბექა გონაშვილი.

ბაზარზე ხორცის დეფიციტის შექმნას არაბულ ქვეყნებში ქართული საქონლის მასობრივ გადინებას უკავშირებს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია ივერიას ხელმნძღვანელიც. თუმცა მისი თქმით, ეს პროცესი შესაძლოა სეზონურობითაც იყო განპირობებული.

"ზამთრის სეზონზე ყოველთვის მატულობს ხორცის ფასი. გატანა დაიწყო ირანში, თურქეთშიც გადის. დიდად არ ვღელავ ამ ფაქტით, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მეცხოველეობის აღმავლობა. მოსახლეობა, ვინც ამ საქმიანობით არის დაკავებული, გაუჩნდებათ მოტივაცია, რომ მეტად განვითარდნენ", - აცხადებს ალექსანდრე ქამუშაძე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი ძირითადად აზერბაიჯანში ერაყში, ეგვიპტეში, სირიაში და საუდის არაბეთში ხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები