მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ექსპორტში კლება გამოწვეულია მხოლოდ ფასისმიერი ეფექტით, ივნისში გვაქვს რეალური ზრდა 2.9 პროცენტი"

57b6f51914596
BM.GE
19.08.16 16:00
1050
საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებზე და „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე ისაუბრა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ. მისი განცხადებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობა 17%-ით არის გაზრდილი, ფულად გზავნილებში 2016 წლის იანვარ-ივლისში აღარ ფიქსირდება შემცირება, წმინდა საერთაშორისო ფულადი ნაკადები მიმდინარე ანგარიშის ნაწილში (პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გამოკლებით) გაზრდილია დაახლოებით 210 მლნ აშშ დოლარით, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გაზრდილია 30 პროცენტით (მეორე კვარტლის მონაცემები ჯერ არ არის ცნობილი). ნიკოლოზ გაგუას თქმით, 2016 წლის 7 თვეში სავაჭრო ბალანსი 84 მლნ აშშ დოლარით არის გაუმჯობესებული.

„უნდა აღინიშნოს, რომ საგარეო ვაჭრობის ოფიციალურ მონაცემებზე დიდ გავლენას ახდენს ც ჰეპატიტის წამლები, რომელიც სრულად გრანტით ფინანსდება, ამიტომ ვთვლით, რომ სწორი იქნება მათი გამოყოფა ანალიზიდან“ - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.

მინისტრის მოადგილემ ასევე დეტალურად ახსნა ექსპორტისა და იმპორტის შემცირების რეალური მიზეზები:

„ექსპორტი შემცირდა 12 პროცენტით და 1 121.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ასევე შემცირდა იმპორტი 6 პროცენტით და 3 868.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის ხსენებული მონაცემი არის ნომინალური მონაცემი. უკეთესი ანალიზისთვის მნიშვნელოვანია შევხედოთ ასევე რეალურ მონაცემებს ანუ ექსპორტის დინამიკას ფასის ეფექტის გამოკლებით. ხაზი უნდა გაესვას, რომ ექსპორტში კლება გამოწვეულია მხოლოდ ფასისმიერი ეფექტით. პირველ და მეორე კვარტალში გვქონდა პრაქტიკულად ნულოვანი კლება, ხოლო ივნისში გვაქვს რეალური ზრდა 2.9 პროცენტი.

რაც შეეხება იმპორტის შემცირებას. აქ კიდევ ერთი პოზიტიური გარემოებაა ის, რომ გაიზარდა საინვესტიციო საქონლის იმპორტი. შესაბამისად, შემცირება მოდის სამომხმარებლო და შუალედურ საქონელზე და ეს არის ძალიან ჯანსაღი სახის შემცირება“ - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები 13 პროცენტით გაიზარდა და მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში 130 მილიონი აშშ დოლარით მეტი სავალუტო შემოდინება გვაქვს წინა წელთან შედარებით.

„2016 წლის იანვარ-ივლისში შემცირება პრაქტიკულად აღარ გვაქვს ფულად გზავნილებში (იკლო 0.6 პროცენტით). ბოლო თვეების დინამიკის ანალიზის ფონზე გვაქვს ზრდის დამაიმედებელი მოლოდინები. ჩვენი პროგნოზით, 2016 წელს ფულადი გზავნილები უნდა გაიზარდოს. წმინდა საერთაშორისო ფულადი ნაკადები მიმდინარე ანგარიშის კუთხით (პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გამოკლებით) გაზრდილია დაახლოებით 210 მლნ აშშ დოლარით. ასევე 30 პროცენტით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პირველ კვარტალში. მე-2 კვარტლის მონაცემები ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და საინვესტიციო საქონლის იმპორტს შორის მაღალ კორელაციას, მეორე კვარტლის იმპორტთან დაკავშირებით გვაქვს საკმაოდ მაღალი და მეტად პოზიტიური მოლოდინები“ - აღნიშნა გაგუამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები