ღვინის ბაზარზე შემცირებული მოთხოვნის პირობებში ქართული მეღვინეობები სტრატეგიის გადახედვას იწყებენ. როგორც „ჭალელის“ დამფუძნებელმა ჯაბა აბაიშვილმა BM.GE-სთან განაცხადა, 2025 წელი კომპანიისთვის რთული აღმოჩნდა. მისი თქმით, გასულ წელს მარანმა დაახლოებით 5000 ბოთლი ღვინო აწარმოა, თუმცა ამ მოცულობის სრულად რეალიზება ვერ მოხერხდა და პროდუქციის ნაწილი აუთვისებელი, მარანში დარჩა.
„2025 წელს მთლიანობაში უფრო „დამაკმაყოფილებელზე დაბლა“ შევაფასებდი. გაყიდვები შემცირებული იყო. რაოდენობა 5000 ბოთლამდე გვქონდა, მაგრამ ამ რაოდენობის რეალიზება გამიჭირდა და ისევ გვაქვს ძველი მოსავლის ღვინოები დარჩენილი“, – აცხადებს აბაიშვილი.
მისივე შეფასებით, მოთხოვნის კლება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად შეინიშნება. აბაიშვილი აღნიშნავს, რომ მსოფლიოში ღვინის მოხმარება დაახლოებით 25%-ით არის შემცირებული, რაც პირდაპირ აისახება მცირე მწარმოებლებზეც. ამ ფონზე, კომპანიამ უკვე შეამცირა ყურძნის გადამუშავების მოცულობაც.
როგორც ის განმარტავს, ერთი მხრივ მარანში უკვე არსებული მარაგები და მეორე მხრივ შემცირებული მოთხოვნა გახდა მიზეზი, რის გამოც 2025 წლის რთველზე ნაკლები რაოდენობის ყურძენი მიიღეს.
არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ჯაბა აბაიშვილი კომპანიის სტრატეგიაზე საუბრისას ამბობს, რომ მეღვინეობის განვითარება რაოდენობის ზრდაზე ნაკლებად არის კონცენტრირებული, ამიტომ “ჭალელის” მეღვინეობაში ფოკუსი ასორტიმენტის დივერსიფიკაციაზე გააკეთეს: „ვაპირებთ, რომ ახალი სახეობის ღვინოები დავამატოთ. რაოდენობას მნიშვნელოვნად არ გავზრდით და დაახლოებით იგივე დონეზე შევინარჩუნებთ, თუმცა ასორტიმენტში ცვლილებებს შევიტანთ“.
რაც შეეხება ექსპორტს, „ჭალელმა“ ამ მიმართულებით აქტივობა შეამცირა. ამჟამად კომპანიის პროდუქცია ბერლინში, „8000 მოსავალშია“ წარმოდგენილი, თუმცა, მეღვინის თქმით, არსებული მოცულობიდან გამომდინარე, ექსპორტზე გაფართოება აღარ განიხილება და აქცენტი შიდა ბაზარზე გაკეთდება.
„გადავწყვიტეთ, რომ ძალიან არ ვიაქტიუროთ ექსპორტზე და ამ ეტაპზე შიდა ბაზრის ათვისებაზე გადავიდეთ. 2025 წელს, შიდა ბაზარზე ორი-სამი სტაბილური ობიექტი დავიმატეთ და წელსაც ამ მიმართულებით გაგრძელებას ვგეგმავთ“, - ამბობს ის.
მისივე ინფორმაციით, კომპანიამ პარალელურად ინფრასტრუქტურული ინვესტიციაც განახორციელა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევში, სადაც ახალი მარანი აშენდა: "მართალია, ობიექტის მოწყობა სრულად არ დასრულებულა, თუმცა ამ შენობის ასაშენებლად დაახლოებით 70 000 ლარი ჩაიდო. ახალი სივრცე უფრო ტექნიკურად გამართულია და კომპანიის წარმოების სტანდარტებს შეესაბამება”, - თქვა მან.




























