მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ექსპროპრიაციაზე გაცემული ბრძანებები გაორმაგდა - როდის ართმევს სახელმწიფო მესაკუთრეს ქონებას

5b1432a8b7ff0
ნინო კვინტრაძე
04.06.18 10:10
1338
გასულ წელს, ეკონომიკის სამინისტრომ ექსპროპრიაციის უფლების გამოყენებაზე 22 ნებართვა გასცა, - 2016 წელს კი 10. ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის მიზედვით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაცია ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე. მინისტრის ბრძანებით, განისაზღვრება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება, ხოლო ექსპროპრიაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სასამართლო.

BM.ge დაინტერესდა თუ რომელი უწყებები მიმართავენ სამინისტროს აღნიშნული უფლების მოპოვების თხოვნით და რა შემთხვევაში ეძლევა სახელმწიფოს უფლება იძულებით ჩამოართვას კერძო პირს ქონება.

სამინისტროს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2016-2017 წლებში მიმართვა შემდეგ პროექტებზე იყო:

• საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი - პროექტები: E-60 აღმოსავლეთ- დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობა, ქუთაისის შემოვლითი გზა-გეგუთის კვანძის მშენებლობა, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა, სტეფანწმინდა-სამების ეკლესიის საავტომობილო გზის კმ1-კმ5.661 მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქცია“, ბაკურციხე-გურჯანიის მშენებლობა;

• სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა - პროექტი: ,,ახალციხე-ბათუმი’’-ს 220 კვ-იანი ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა;

• შპს ,,ელექტროტრანსი - პროექტი: ,,ჯვარი-ხორგას შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა;

• სს ,,საქართველოს რკინიგზა“ - პროექტი: თბილისი - მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაცია, ზესტაფონი-ხარაგაულის მოლითი-ქვიშხეთის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა;

• სსიპ ,,საქართველო მუნიცილაპური განვითარების ფონდი“ - პროექტი: თბილისი - რუსთავის ავტომაგისტრალის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია; ჭიათურის საბაგირო გზების რეკონსტრუქცია;

• სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ - პროექტი: ,,ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა“.

სამინისტრომ 2016 წელს გამოსცა 10, ხოლო 2017 წელს 22 ბრძანება, რომლის საფუძველზე დადგინდა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პროექტები იყო საზოგადოებრივი საჭიროების და პროექტის განმახორციელებელ სუბიექტებსა და მესაკუთრეებს შორის შეუთანხმებლობის გამო გარდაუვალი იყო ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყება.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ექსპროპრიაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სასამართლო.

„სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, ექსპროპრიატორი დაუყოვნებლივ მიმართავს პირს, რომლის ქონებაც დაექვემდებარა ექსპროპრიაციას, საკომპესაციო თანხის ჩასარიცხად საბანკო ანგარიშის წარმოდგენის თაობაზე. ხოლო თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით”, - განმარტავენ სამინისტროში.

კითხვით, თუ რა რაოდენობის თანხა დაიხარჯა კერძო პირებისგან საკუთრების გამოსყიდვაზე და რამდენ შემთხვევაში მოხდა ქონების სასამართლოს გზით ჩამორთმევა, bm.ge-იმ ზემოთ ჩამოთვლილ უწყებებს მიმართა, თუმცა ყველა უწყებას კითხვაზე პასუხი არ გაუცია. ასე მაგალითად, საქართველოს რკინიგზაში განგვიმარტეს, რომ ინფორმაციის გაცემა მათ არ შეეძლოთ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი განგვიმარტეს, რომ მათ 7 მონაკვეთზე საკუთრებების გამოსასყიდად ჯამში 155 მლნ ლარზე მეტი ჰქონდათ გათვალისწინებული. იმ ოჯახების რაოდენობა კი ვისი ქონებაც პროექტში ექცეოდა 3860-ს შეადგენდა.

ყველაზე მეტი თანხა - 103.9 მლნ ლარი ბათუმის შემოვლითი გზის პროექტისთვის იყო გამოყოფილი. პროექტში 761 ოჯახის ქონება მოექცა. მათგან 22 შემთხვევაში კი ექსპროპრიაციის უფლება გამოიყენეს.

სამტრედია–გრიგოლეთის საავტომობილო გზის (1,2,3,4 ლოტი) პროექტისთვის 12 644 449 ლარი გამოიყო, პროექტში 1625 ოჯახის საკუთრება მოექცა. ექსპროპრიაცია კი 13 შემთხვევაში განხორციელდა.

ნიკეა–გეგუთის მონაკვეთში 66 ოჯახის ქონება მოექცა. მათგან ქონების გამოსყიდვისთვის გათვალისწინებულმა თანხამ 3 მლნ ლარს გადააჭარბა, ექსპროპრიაცია კი 6 შემთხვავში გამოიყენეს.

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტში 636 ოჯახის საკუთრება მოექცა, ექსპროპრიაცია კი 12 შემთხვევაში გამოიყენეს.

ბაკურციხე-გურჯანიის გზის მშენებლობის პროექტში 350 ოჯახის ქონება მოექცა, ექსპროპრიაცია 5 შემთხვევაში მოხდა.

რაც შეეხება სხვა უწყებებს, - როგორც ცნობილია ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ანაკლიის ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებული მიწების გამოსყიდვა-კომპენსაციისთვის 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 96 მილიონი ლარი გამოიყო. კომპენსაცია 300-ზე მეტ მესაკუთრეს შესთავაზეს და ამ შემთხვავაშიც ნაწილმა უარი განაცხადა. ასე მაგალითად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბიზნესმენ თემურ ქარჩავას ანაკლიაში უძრავი ქონება ექსპროპრიაციის წესით ჩამოართვა. ქარჩავა ანაკლიის პორტის ტენდერში ჩინურ სახელმწიფო კომპანია "ფაუერ ჩაინასთან“ ერთად მონაწილეობდა. ქარჩავას სახელზე დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები კი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის არეალში მოექცა.

საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს სახელმწიფო ელექტროსისტემას 6 შემთხვევაში მიეცა ექსპროპრიაციის უფლება და ქონება იძულებით 20 ოჯახს ჩამოერთვა. მათ შორის ექსპროპრიაციის უფლება ახალციხე-ბათუმის“ 220 კვ. საჰაერო ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის განხორციელებისთვის 12 მესაკუთრეზე გავრცელდა.

13 ქონებაზე მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება მუნიციპალური განვითარების ფონდს თბილისი - რუსთავის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის. საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მათ შორის ქონება იძულებით ჩამოერთვა კომპანია „სან პეტროლიუმ ჯორჯიასაც“. ჭიათურის საბაგიროს პროექტისთვის კი ქონების იძულებით ჩამორთმევა 2-ჯერ მოხდა.

გასულ წელს 5 მესაკუთრეს ჩამოერთვა ქონება თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს რკინიგზა ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები