საქსტატის ინფორმაციით, ქვეყანაში 2023 წელს დასაქმებული ექიმების რიცხოვნობამ 24.4 ათასი შეადგინა, ხოლო საექთნო პერსონალის რიცხოვნობამ - 21.5 ათასი. წლიურად 500 ერთეულით არის გაზრდილი ექიმების რაოდენობა, ხოლო ექთნების რაოდენობა 500-ით შემცირდა.
ჯანდაცვის სპეციალისტი ვახტანგ კალოიანი აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულებებში ექთნების დეფიციტის პრობლემა წლიდან წლამდე მწვავდება. მისი თქმით, ამ მიმართულებით მომუშავე კადრები სექტორსაც ტოვებენ და ქვეყანასაც. კალოიანი საუბრობს ექიმებზეც და ამბობს, რომ კადრების გადინება ამ მიმართულებითაც მაღალია.
“პრობლემა დრამატულია. განსაკუთრებით დრამატულია მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დარგის კვალიფიციური ექთნების პრობლემა, როგორიც არის რეანიმაცია, ქირურგია, რადიოლოგია. ეს ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს სამედიცინო სექტორს. ოდითგანვე ყველას ექიმობა უნდოდა, საექთნო პროფესია კი პრესტიჟულად არ ითვლებოდა. შესაბამისად, შემოსავალიც ნაკლები იყო. ამაზე, როგორც სახელმწიფოს, ასევე არც არავის უზრუნია, სამწუხაროდ. არ გაგვიჩენია სწორი სტიმულები, შესაბამისად, ეს შედეგი დადგა, მე ველოდები, რომ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება", - ამბობს ვახტანგ კალოიანი.
რაც შეეხება ექიმებს, მისი თქმით, ფორმალურად ექიმების რაოდენობა იზრდება, თუმცა გადინება დიდია როგორც სფეროდან, ისე ქვეყნიდან, - "განვითარების საშუალება უფრო და უფრო ნაკლებია. შესაბამისად ვითარება, ნამდვილად დრამატულია.” - აღნიშნა ჯანდაცვის სპეციალისტმა.