„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებას „გრანტების შესახებ“ კანონში. ცვლილების მიხედვით, ევროკავშირის ორ ფლაგმანურ პროგრამაში — „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და „ერასმუს+“-ში მონაწილე ორგანიზაციებისთვის გრანტის მიღება აღარ დაექვემდებარება მთავრობის წინასწარ თანხმობას - ამის შესახებ IPN წერს.
კანონპროექტის ინიციატორები მმართველი პარტიის — „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან. მათ პარლამენტს ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა სთხოვეს.
ცვლილება მხოლოდ ზემოხსენებულ პროგრამებს ეხება და არ გავრცელდება სხვა საერთაშორისო ან ადგილობრივ დონორებზე. ინიციატორები განმარტავენ, რომ მიზანი ევროკავშირთან თანამშრომლობის ხელშეწყობაა.
შეგახსენებთ, 2025 წლის 16 აპრილს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში, რითაც აკრძალა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისათვის გრანტების გაცემა მთავრობის ნებართვის გარეშე.
მონიტორინგის და კონტროლის უფლებამოსილება ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს მინიჭებული. ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი აღნიშნულ რეგულაციას საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსებული აქტივობების შეზღუდვის მცდელობად აფასებენ.

























