საგანმანათლებლო, გაცვლითი პროგრამა Erasmus+-ის პროექტები აზერბაიჯანში აღარ ხორციელდება - ამის შესახებ Erasmus-ის აზერბაიჯანის ოფისის ხელმძღვანელი, პარვიზ ბაგიროვი საკუთარ Facebook გვერდზე წერს.
როგორც ის იტყობინება, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები არაოფიციალურად შეჩერდა და აღარ ხორციელდება. "სამწუხაროდ, Erasmus+-ის ყველა აქტივობა, პრაქტიკულად, არაოფიციალურად შეჩერდა. ეს ნიშნავს, რომ გაცვლითი პროგრამის მონაწილე ასობით მოსწავლისთვის, მასწავლებლისთვის და სხვა პროექტებისთვის პროგრესი აღარ იქნება. აღარ რეგისტრირდება ახალი პროექტები და აქტიური პროექტების განხორციელებაც შეწყდა.
ამ სიტუაციის გამო, Erasmus+-ის ეროვნული ოფისი მალე დაიკეტება. ამას შესაძლოა სერიოზული გავლენა ჰქონდეს პროგრამის სამომავლო განვითარებაზე და ჩვენს ქვეყანაში Erasmus-ის პროექტების მდგრადობაზე", - წერს ბაგიროვი.
Erasmus+ პროგრამის ფარგლებში აზერბაიჯანელი სტუდენტები და მასწავლებლები ევროპის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში იღებდნენ განათლებასა და გამოცდილებას. ბაგიროვის თქმით, პროგრამის ფარგლებში აზერბაიჯანის სხვადასხვა უნივერსიტეტში მოეწყო თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორიები და დაინერგა ახალი ტექნოლოგიები.
აზერბაიჯანული ოფისის ხელმძღვანელი თავის პოსტში აღნიშნავს, რომ ამჟამად Erasmus-ის 27 პროექტია გაჩერებული, რომელთა ჯამური ბიუჯეტი 20 მილიონი მანეთია.
ბაგიროვის ინფორმაციით, პროექტების შეჩერების მიზეზი აზერბაიჯანში პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული გაურკვევლობაა და გადაჭრის კონკრეტული გზა არ არსებობს.
მისივე თქმით, Erasmus-ის სამაგისტრო პროგრამა Erasmus Mundus Joint Masters Degree უცვლელად ხორციელდება. პროგრამასთან მიმართებით კითხვის ნიშნები ისმის სომხეთშიც. რა ხდება რეგიონში და რა გავლენა შეიძლება ამან იქონიოს საქართველოზე?
სტუმარი: გიორგი აგირბაია - ევროპული განათლების ასოციაცია, დამფუძნებელი
#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად