მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ერაყს ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეუწყდა

ერაყი

ერაყის ელექტროენერგიის სამინისტრომ ეროვნული ენერგოსისტემის სრული გათიშვის შესახებ განაცხადა. უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც ყველა გადამცემი ხაზი და გენერაციის სადგური ერთდროულად გამოირთო, ქვეყნის ყველა პროვინციას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

სამინისტროს პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ ქვეყნის ელექტროქსელი სრულად გათიშულია, თუმცა სისტემური ავარიის ზუსტი მიზეზი, რეგიონში სწრაფად მზარდი კონფლიქტის ფონზე, ჯერჯერობით უცნობია.

მოგვიანებით სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხრეთ ბასრაში, რუმაილას ელექტროსადგურში "გაზის მიწოდების უეცარმა შემცირებამ" 1 900 მეგავატის სწრაფი დანაკარგი გამოიწვია, რასაც ელექტროენერგიის სრული გათიშვა მოჰყვა.

სამინისტრომ დასძინა, რომ მიმდინარეობს სამუშაოები ელექტროენერგიის თანდათანობითი აღდგენისთვის.

ელექტროენერგიის გათიშვა კიდევ უფრო ამძიმებს ერაყისთვის ისედაც კატასტროფულ კვირას, რადგან ქვეყანა ირანის წინააღმდეგ მიმდინარე აშშ-ისრაელის სამხედრო კამპანიასა და თეირანისა და მისი მოკავშირე დაჯგუფებების საპასუხო დარტყმებს შორის, ცეცხლის ხაზზე აღმოჩნდა.

ადგილზე მყოფი AFP-ის ჟურნალისტის ცნობით, ოთხშაბათს ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ერბილში ახალი აფეთქებების ხმა გაისმა. ერბილთან ახლოს მდებარე ალ-ჰარირის ბაზასა და ბაღდადში ამერიკულ ბაზა "ვიქტორიაზე" განხორციელებულ ბოლოდროინდელ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა პროირანულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა, მათ შორის "სარაია აულია ალ-დამმა" (სისხლის მცველთა ბრიგადები) აიღეს.

ელექტროენერგიის გათიშვისთანავე, ოთხშაბათს, ბაღდადში აშშ-ის საელჩომ გამოსცა გადაუდებელი დირექტივა, რომლითაც ამერიკელებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა.

"ერაყში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს მკაცრად მოვუწოდებთ, გაემგზავრონ, როგორც კი ამის უსაფრთხოდ გაკეთებას შეძლებენ, ხოლო მანამდე თავშესაფარში დარჩნენ. თუ გადაადგილება უსაფრთხოა, ამერიკელებმა ერაყი ახლავე უნდა დატოვონ", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში პლატფორმა X-ზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ერაყთან დაკავშირებული სამოგზაურო გაფრთხილება ჯერ კიდევ 2 მარტს განაახლა, სადაც უსაფრთხოების რისკების გამო, აშშ-ის მთავრობის არასაკვანძო თანამშრომლებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდეს. ერაყისთვის მინიჭებული გაფრთხილების დონე კვლავ ყველაზე მკაცრ, მე-4 კატეგორიაზე რჩება: "არ იმოგზაუროთ".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები