„არ დაგავიწყდეთ, რომ თუკი მათ აქვთ დოლარები, ჩვენ გვყავს ჩვენი ღმერთი, ჩვენი ხალხიდა სიმართლე. გაიხსენეთ როგორ ვიყავით 16 წლის წინ და სად ვართ დღეს“, - ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიტყვებს Bloomberg ციტირებს.
თურქული ვალუტისთვის 2001 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი კვირაა - წლის დასაწყიდან ლირა დოლარის მიმართ 34%-ით გაუფასურდა, ხოლო კვირის დასაწყისიდან კი 11%-ზე მეტად.
თურქული ვალუტის გაუფასურების მიზეზი ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც, ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს გადახედოს გადაწყვეტილებას თურქული პროდუქციის ამერიკის ბაზარზე საბაჟო ნებართვის გარეშე შეტანასთან დაკავშირებით.
Reuters ინფორმაციით, გადაწყვეტილებამ თურქული ექსპორტი, შესაძლოა, 1.7 მილიარდი დოლარით აზარალოს.
თავის მხრივ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება თურქეთისთვის საპასუხო გამოდგა, რადგან გასულ კვირას ოფიციალურმა ანკარამ ამერიკულ პროდუქციაზე ტარიფები გაზარდა. ტარიფების გაზრდას კი წინ ალუმინსა და ფოლადის იმპორტზე ტრამპის მიერ გაზრდილი გადასახადები უძღვოდა.