მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ერლინგ ჰაალანდმა საჭადრაკო კომპანია Chess Mate დააფუძნა

ერლინგ ჰაალანდი ჭადრაკი

“მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავმა ერლინგ ჰაალანდმა ახალ მსოფლიო საჭადრაკო ჩემპიონატში ჩადო ინვესტიცია. 25 წლის ფეხბურთელმა კომპანია Chess Mate დააფუძნა, რომელიც Norway Chess-ში მნიშვნელოვანი თანამფლობელი გახდა. სწორედ ეს ორგანიზაცია მართავს ახალ ტურნირს Total Chess World Championship Tour-ს. ერლინგმა Chess Mate ნორვეგიელ მეწარმე მორტენ ბორგესთან ერთად დააფუძნა .

ჰაალანდმა აღნიშნა, რომ ჭადრაკსა და ფეხბურთს შორის დიდი მსგავსებაა ტაქტიკური და მენტალური თვალსაზრისით, და მისი ინვესტიციის მიზანი მსოფლიო დონეზე ჭადრაკის უფრო მასშტაბურ სანახაობრივ სპორტად ქცევაა.

Total Chess World Championship Tour წელიწადში ოთხი ტურნირისგან შედგება და ჯამური საპრიზო ფონდი $2.7 მილიონს შეადგენს. ჰაალანდმა განაცხადა: “ჭადრაკი საოცარი თამაშია. ის ავარჯიშებს გონებას და ძალიან ჰგავს ფეხბურთს. საჭიროა სწრაფი აზროვნება, ინსტინქტებზე დაყრდნობა და რამდენიმე სვლით წინ ფიქრი. სტრატეგია და დაგეგმვა გადამწყვეტია.“

ახალი ტურნირი FIDE-ის მიერ არის დამტკიცებული. მოთამაშეები სამ ფორმატში იასპარეზებენ - კლასიკური სწრაფი (Fast Classic), Rapid და Blitz, რათა გამოვლინდეს FIDE-ის კომბინირებული მსოფლიო ჩემპიონი, ანუ “ყველაზე სრულყოფილი და მრავალმხრივი მოჭადრაკე მსოფლიოში“. სატესტო ტურნირი 2026 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი, ხოლო სრული ჩემპიონატი 2027 წელს დაიწყება. მსოფლიოს ნომერ პირველი მოჭადრაკე მაგნუს კარლსენი, რომელიც ასევე ნორვეგიელია, ადრე აღნიშნავდა, რომ ფეხბურთელებს შორის სწორედ ჰაალანდთან შედარება სურდა.

აღსანიშნავია, რომ ჭადრაკისადმი ინტერესი ბევრ ცნობილ ფეხბურთელსაც აქვს. მაგალითად “არსენალის” ებერეჩი ეზემ მაისში ონლაინ ვარსკვლავურ ტურნირში 20,000 დოლარი მოიგო. ასევე ჭადრაკის სიყვარულზე საუბრობენ ჰარი კეინი, მოჰამედ სალაჰი და ტრენტ ალექსანდერ არნოლდიც.

ყოფილმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ ფეხბურთსა და ჭადრაკს შორის პარალელებზე 7000-სიტყვიანი ნაშრომიც კი დაწერა, ხოლო პეპ გვარდიოლა აღიარებს, რომ კარლსენის მეთოდებს სწავლობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები