ბოლო 3 დღის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ორი უმსხვილესი ქართული ბანკის აქციების ფასი შემცირდა, ხოლო ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა.
ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს მოსალოდნელი იყო. კომპანია “ჩირინას” დამფუძნებელი ამბობს, რომ თუ პროცესების სწორი მართა არ მოხდა ამას დომინოს ეფექტი ექნება და საბოლოო ჯამში ამის შედეგებს იგრძნობს მოსახლეობა გაძვირებულ პროდუქციაში.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ცენტრალური ბანკის პოლიტიკა იყოს ღია და გამჭვირვალე, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ეროვნული ბანკი არსებული ვითარების სტაბილიზაციისთვის.
“ჩვენ მაინც დამოკიდებული ვართ იმპორტ-ექსპორტზე და ხალხმა სავალუტო შესყიდვა დაიწყო, რის გამოც მოხდა კურსის ვარდნა. უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ხარჯები ვალუტაში უფრო მეტია ვიდრე ჩვენ შემოგვდის. ეს რასაკვირველია, ლარის კურსის გაუფასურებას გამოიწვევს, რასაც მოჰყვება მთელი კასკადი, ინფლაცია, პროდუქციის ფასების გაზრდა და ეს პირდაპირ იმოქმედებს სამომხმარებლო ბაზარზე და გამოიწვევს იმას, რომ ხალხის მდგომარეობა გაუარესდება.
მე მაინც ეროვნულ ბანკს ვთხოვ, რომ უფრო მეტი ღია პოლიტიკა აწარმოოს, რომ გასაგები იყოს, რომელ კურსამდე იქნება დევალვაცია თუ და როდიდან მოხდება ეროვნული ბანკის ჩარევა. ეს აუცილებელია ასეთ პირობებში, რაც დღეს ჩვენთან ხდება, უფრო მეტი გამჭვირვალობაა საჭირო,”-ამბობს ჩირინას დამფუძნებელი რეზო ვაშაკიძე.