საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის, ენდრიუ ჯუელის განცხადებით მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური მისიის ვიზიტი იყო დაგეგმილი, თუმცა აღნიშნული შეხვედრა გადაიდო ნათია თურნავას ჩინეთში ვიზიტიდან გამომდინარე. ამის შესახებ ჯუელმა BMG-სთან საუბარში განაცხადა. ჯუელის თქმით, მისიის ვიზიტის ახალი თარიღი ჯერ არ განსაზღვრულა.
"საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოითხოვა ტექნიკური დახმარების მისია სწორედ იმისთვის, რომ შეფასებულიყო უკვე გადადგმული ნაბიჯები და განსაზღვრულიყო, რა დამატებით რეფორმებს ვურჩევთ. ეს მისია ამ კვირაში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა გადაიდო. ახალი თარიღი ჯერ არ დადგინდა, თუმცა მისი მიზანი სწორედ მიღწეული პროგრესის შეფასება და შემდგომი საჭირო რეფორმების განსაზღვრა იქნება. გადადების მიზეზი ისაა, რომ სების პრეზიდენტი ნათია თურნავა ჩინეთში გაემგზავრა,"- აღნიშნა ენდრიუ ჯუელმა.
ამასთან, მისი თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ტექნიკური მისია იმუშავებს ეროვნული ბანკის მმართველობის სისტემის შეფასება იქნება. ჯუელის თქმით, ფონდმა წარსულშიც აღნიშნა, რომ ამჟამად არსებული საპრეზიდენტო მოდელიდან უფრო კოლეგიალურ მოდელზე გადასვლას უჭერენ მხარს, როდესაც სების გადაწყვეტილებების მიღება ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ ხდება.




























