ეროვნული სატყეო სააგენტოს ცენტრალურ აპარატსა და რეგიონულ სატყეო სამსახურებში 401 ტყის მცველის პოზიციაზე კანდიდატთა შერჩევა მიმდინარეობს.
უწყებაში განმარტავენ, რომ ვაკანსიები სააგენტოს რეფორმის ფარგლებში გამოცხადდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ტყის დაცვის გაძლიერება და ტყით სარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებაა.
რეფორმის ფარგლებში, 1.7 მილიონ ჰექტარზე მეტი ტყის ფონდი 903 სამცველოდ დაიყო. თითოეული სამცველო ტყის მცველს პერსონალური პასუხისმგებლობით გადაეცემა, რაც სააგენტოს განმარტებით, ტყის დაცვისა და კონტროლის გაძლიერებას, მათ შორის უკანონო ჭრების პრევენციასა და აღკვეთას შეუწყობს ხელს.
რეფორმის შედეგად, ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემას ჯამში 499 ახალი თანამშრომელი დაემატება, მათგან 401 ტყის მცველის პოზიციაზე დასაქმდება.
ვაკანსიებზე განაცხადის წარდგენა შეეძლოთ სრულწლოვან პირებს, რომლებსაც სრული ზოგადი განათლება აქვთ. სააგენტოს ინფორმაციით, კონკურსი ღია და გამჭვირვალე წესით მიმდინარეობს.
"ეროვნული სატყეო სააგენტოს რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვნად ძლიერდება ტყის დაცვის კომპონენტი. უკანონო ჭრების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, 1.7 მილიონ ჰექტარზე მეტი ტყის ფონდი 903 სამცველოდ დაიყო. თითოეული სამცველო ტყის მცველს პერსონალური პასუხისმგებლობით გადაეცემა, რაც ტყის დაცვისა და კონტროლის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
რეფორმის ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემას 499 ახალი თანამშრომელი დაემატება, მათგან 401 ტყის მცველის პოზიციაზე. ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია რეგიონების მიხედვით სააგენტოს ოფიციალურ Facebook გვერდზე განთავსდა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო ღია და გამჭვირვალე კონკურსში", - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა.
კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები ეროვნული სატყეო სააგენტოს ცხრა რეგიონულ სატყეო სამსახურში გადანაწილდებიან.




























