„ეროვნული ბანკები, როგორც წესი, არ აკეთებენ კომენტარს ვალუტის მოკლევადიან მერყეობასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ბოლო პერიოდში გაუფასურების მიმართულებით ლარის კურსის ბოლოდროინდელ რყევებთან დაკავშირებით განაცხადა.
კობა გვენეტაძის თქმით, საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი, რაც ნიშნავს იმას, რომ მოკლე პერიოდში ყოველთვის იქნება მერყეობები.
“უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს დაბალი და სტაბილური ინფლაცია, რაც საქართველოში შენარჩუნებულია და მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში ასე იქნება. დედოლარიზაციის პოლიტიკა არის გაცხადებული პოლიტიკა, ეროვნული ბანკის და ზოგადად, ხელისუფლების მიერ და ის შემცირება, რაც ბოლო 2 წელში იყო, დაახლოებით, 10%-ით მოხდა დოლარიზაციის შემცირება როგორც - სესხების, ასევე დეპოზიტების ვალდებულებების მიმართულებით, ვფიქრობ, ეს გაგრძელდება, რაც უფროდაუფრო ნაკლებ აქტუალურს გახდის კურსთან მიმართებით კითხვებს”, - აცხადებს კობა გვენეტაძე.

























