მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნული ბანკი ანაკლიის ფასიანი ქაღალდების გამოშვების განაცხადს სწავლობს

5cc9831858544
შოთა ტყეშელაშვილი
01.05.19 15:45
827
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ანაკლიის პორტის აქციების გამოშვებაზე მუშაობს და ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს კონსორციუმმა აპრილში მიმართა.

დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ სებ-ი აღნიშნულ განაცხადს სწავლობს. გვენეტაძის თქმით, ამ მხრივ ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, თუმცა თავად აქციების ემისია და მისი მომზადება მარტივ საკითხს არ წარმოადგენს.

"ეროვნულმა ბანკმა მიიღო განაცხადი ფასიანი ქაღალდების ემისიასთან დაკავშირებით და ჩვეულებრივ რეჟიმში, ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, გვაქვს ურთიერთობა კონსორციუმთან და ვსწავლობთ საკითხს, რადგანაც ფასიანი ქაღალდები გამოშვება არაა მარტივი. ბევრი საკითხია გასავლელი და ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი ეროვნული ბანკისთვის, ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში", - ამბობს გვენეტაძე.

ამ დროისთვის "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" საქართველოს მთავრობიდან კონკრეტულ თარიღს ელოდება, რათა პორტის ინვესტორებსა და სახელმწიფოს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების პირობებზე შედგეს მოლაპარაკებები. თავდაპირველად აღნიშნული მოლაპარაკებები აპრილში უნდა გამართულიყო, თუმცა მთავრობამ ის მაისის თვეში გადაწია.

სახელმწიფოსა და დონორებს შორის ხელახალი მოლაპარაკებების აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა მას შემდეგ, რაც დონორებმა პორტის პროექტისთვის სახსრების გამოყოფის შესახებ სახელმწიფოს 8-პუნქტიანი მოთხოვნათა პაკეტი წარუდგინეს. როგორც ცნობილია, მთავრობისთვის მერვე პუნქტი გახდა პრობლემური, რაც ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფოს სესხის დაფარვას ავალდებულებს, თუმცა სესხის მომსახურებასთან ერთად, ეს მუხლი ითვალისწინებს იმასაც, რომ ამ დროს სახელმწიფოს აქვს უფლება სრულად დაეუფლოს პორტის მთლიან აქტივებს, რომლის აქტივების ღირებულება მეორეს მხრივ, მრავალ ასეულ მილიონ დოლარს შეადგენს.

შესაბამისი შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში სავარაუდოდ, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გართულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები